იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო ტახტზე ოფიციალურად ავიდა (ფოტოები)
ამობეჭდვა · 22 / 10 / 2019 16:22
იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო ტახტზე ოფიციალურად ავიდა (ფოტოები)

იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო ტახტზე ოფიციალურად ავიდა. 59 წლის იმპერატორის ინტრონიზაცია ძველი რიტუალების დაცვით შესრულდა. ცერემონია ტოკიოში იმპერატორის სასახლეში გაიმართა.

ნარუჰიტო იმპერატორი მას შემდეგ გახდა, რაც მაისში იმპერატორი აკიჰიტო ტახტიდან გადადგა. ამის შემდეგ იაპონიაში ახალი "რეივას" ეპოქა დაიწყო, რაც ჰარმონიასა და წესრიგს გულისხმობს. ინტრონიზაცია ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ბოლო ეტაპი იყო.

"ვფიცავ, რომ კონსტიტუციის შესაბამისად მოვიქცევი და შევასრულებ ჩემს ვალდებულებებს როგორც სახელმწიფოსა და ერის ერთიანობის სიმბოლო", — განაცხადა იმპერატორმა ნარუჰიტომ.

იმპერატორის წინაშე მისალოცი სიტყვით წარსდგა პრემიერ-მინისტრი სინძო აბე, რომელმაც ბოლოს შესძახა "ბანძაი", რაც იაპონურად "გაუმარჯოს იმპერატორს" ნიშნავს.

იაპონიის იმპერატორს პოლიტიკური ძალაუფლება არ აქვს, მაგრამ კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფოსა და ერის ერთიანობის მნიშვნელოვანი სიმბოლოა.