მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა
ამობეჭდვა · 22 / 10 / 2019 16:46
მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროცესს გაეცნო. ამჟამად, ადგილზე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, „112“-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა“ და „მათე მოტორსის“ ყოფილ შენობას შორის გაივლის და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. ბეტონის ახალი გზა ოთხზოლიანი იქნება.

„ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ეს არის მაჭავარიანის ქუჩასა და მარშალ გელოვანის გამზირს შორის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. იცით, როგორ ვითარდება მაჭავარიანის ქუჩისა და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია. მხოლოდ და მხოლოდ ორი მისასვლელი გზა აქვთ: ერთი - საბურთალოდან, ნუცუბიძის ქუჩიდან და მეორე - ვაშლიჯვრიდან, რომელიც საკმაოდ დატვირთულია. ეს ახალი პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტად განიტვირთოს მოძრაობა და ამ გზის მშენებლობის სახით, დამატებით ახალი პროექტი განხორციელდეს. კომპანიებს საკმაოდ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, რადგან მაჭავარიანის ქუჩასა და მარშალ გელოვანის გამზირის დონეებს შორის სხვაობა, დაახლოებით, 200 მეტრია. მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლითაც დედაქალაქის მოსახლეობა ძალიან მალე ისარგებლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტი მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება. მისი ღირებულება 15 მილიონ ლარს შეადგენს.

საგზაო სამუშაოებს კახა კალაძესთან ერთად, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა მდინარაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე, ასევე, მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ.