გია გაჩეჩილაძე პაატა სილაგაძეს: ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ იუსტიციის საბჭომ სპეციალურად წარმოადგინა ასეთი კანდიდატები
ამობეჭდვა · 23 / 10 / 2019 16:46
გია გაჩეჩილაძე პაატა სილაგაძეს: ისეთი შთაბეჭდილება მრჩება,  რომ იუსტიციის საბჭომ სპეციალურად წარმოადგინა ასეთი კანდიდატები

პარლამენტის წევრმა გია გაჩეჩილაძემ, ვიდრე მოსამართლეობის კანდიდატს პაატა სილაგაძეს კითხვას დაუსვამდა, ზოგადად შეაფასა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მიმდინარე პროცესი და განაცხადა, -„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ იუსტიციის საბჭომ სპეციალურად წარმოადგინა ასეთი კანდიდატები, რომლებსაც გარკვეული შეხება ჰქონდათ იმ პროცესებთან, რომელშიც პარლამენტში არსებული დეპუტატები და მათთან დაკავშირებული პირების საკითხებს იხილავდნენ.

მან ამის სამაგალითოდ მოიტანა რამდენიმე კონკრეტული საქმე -„გუშინ განვიხილეთ ერთ-ერთი მოსამართლის საკითხი, რომელმაც გიგა ბუკიას 177 ათასი ლარი დააკისრა და ამით გიგა ბუკიამ დაკარგა ბინა. დღეს თქვენ ხართ წარმოდგენილი, რომელსაც შეხება გქონდათ ქალბატონ ეკა ბესელიას შვილის საქმესთან , წინა მოსამართლეები, რომელთა განხილვასაც მე დავესწარი, გარკვეული შეხება ჰქონდათ „ქართუ ბანკის“ გაკოტრებასთან და ასე შემდეგ. იცით როგორი ზოგადი შთაბეჭდილება რჩება? თითქოს იუსტიციის საბჭომ, ვინც შეგკრიბათ და წარმოგადგინათ, აიღო მიზნად, რომ თქვენი საშუალებით, რადგან ეს კითხვა-პასუხის რეჟიმია, თავი ემართლებინათ იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი ჩადიოდნენ წინა ხელისუფლების დროს”.

დეპუტატის თქმით, ამ ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ ამ სიაში ვერ მოხვდნენ კანდიდატები, რომლებსაც გაცილებით მეტი ქულა ჰქონდათ, ვიდრე წარმოდგენილ კანდიდატებს. –„იქმნება საერთო შთაბეჭდილება, რომ იუსტიციის საბჭომ რაღაც ეშმაკური ნაბიჯი გადადგა იმისათვის, რომ წინა ხელისუფლებაში არსებული სასამართლოს გამართლების პროცესი შეექმნა აქ“.

ამის შემდეგ გია გაჩეჩილაძემ რამდენიმე შეკითხვა დაუსვა პაატა სილაგაძეს. პირველ რიგში მან კანდიდატს მოსთხოვა სამართლიანობის თვალსაზრისით შეეფასებინა მისი ამ სისტემაში საქმიანობის პერიოდი 1999 წლიდან, შევარდნაძის პერიოდიდან დღემდე.

ამის შემდეგ დეპუტატი დაინტერესდა როგორ შეაფასებდა კანდიდატი სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, როდესაც 2003 წელს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით უზენაესმა სასამართლომ გააუქმა როგორც კანონის დარღვევით და გაყალბებით ჩატარებული არჩევნები, „მაგრამ სასამართლომ ასეთი უცნაური გადაწყვეტილება მიიღო, რომ პროპორციული სიები აღიარა გაყალბებულად და მაჟორიტარული არ აღიარა გაყალბებულად და დატოვა მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტში. მაშინ, როდესაც ერთი ადამიანი რომ მიდის არჩევნებზე ის როგორც მაჟორიტარებს აძლევს ხმას, ასევე აძლევს პროპორციული სიებით არსებული ბიულეტენით“. დეპუტატის თქმით, ამან შეუქმნა წინა ხელისუფლებას ყველა პირობა, რომ მერე მაჟორიტარების საშუალებით შეექმნა უმრავლესობა და მანიპულაციები ეტარებინა.

„როგორ მიაჩნიათ თქვენ, როგორც მსურველს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისა, ეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი იყო? რას ემსახურებოდა საერთოდ და რამდენად ლეგიტიმური იყო ის პარლამენტი და მთელი ის ხელისუფლება, რომელიც ამის საშუალებით მოვიდა და ის ჩაიდინა რაც ჩაიდინა ქვეყნის წინაშე?“

გია გაჩეჩილაძის კიდევ ერთი შეკითხვა შეეხებოდა წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს მოღვაწე მოსამართლის მორალურ უფლებას გააგრძელოს საქმიანობა ამ სფეროში. –„აქ ხშირად ისმება ზოგადი კითხვები სამართლიანობის შესახებ და ასე შემდეგ. მე კონკრეტულ რაღაცას გეტყვით, იცით, რომ გენერალურ პროკურატურაში შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც სამართლიანობის აღდგენასთან არის დაკავშირებული. აქ არის 50 ათასზე მეტი განაცხადი შეტანილი რომელიც ეხება იმ უკანონო სასამართლო გადაწყვეტილებებს, როდესაც ქონება ჩამოართვეს ხალხს, და სხვადასხვა საკითხებს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს, როდესაც თქვენ მოღვაწეობდით სასამართლოში იყო მიღებული, თქვენ როგორ აფასებთ, ასეთი შედეგების მქონე ქვეყანაში რომ მოღვაწეობდნენ ის მოსამართლეები, მათ აქვთ თუ არა მორალური უფლება გააგრძელონ სასამართლო ხელისუფლებაში მოღვაწეობა?

და კიდევ, იმ უსამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რამდენი წელი უნდა ელოდოს ეს 50 ათასი ადამიანი სამართლიანობის აღდგენას?“

ტეგები