მარიამ ჯაშმა აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის 90 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ამობეჭდვა · 23 / 10 / 2019 17:09
მარიამ ჯაშმა აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის 90 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის 90 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა.

„ჩვენთვის უაღრესად დიდი პატივია, რომ აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის მოღვაწეობის მომსწრეები ვართ. საქართველოს პარლამენტის სახელით, მინდა გულწრფელად მივულოცო ბატონ თამაზს საიუბილეო თარიღი. მეცნიერებათა წრეში იგი ცნობილია, როგორც კრიტიკული აზროვნებით და არგუმენტირებული მსჯელობით გამორჩეული პიროვნება,“ - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ მეცნიერის საზოგადო და პოლიტიკური კუთხით მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა.

„ყველა თაობის წარმომადგენელს ძალიან კარგად ახსოვს და ემახსოვრება 9 აპრილის მოვლენების შემდგომ მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამოსვლა მოსკოვში, როდესაც იგი ხელმძღვანელობდა სახელმწიფო კომისიას და ძალიან მკაცრი მოთხოვნა დააყენა 9 აპრილის მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით. საბჭოთა კავშირის პერიოდში, ეს იყო უაღრესად გაბედული ნაბიჯი და განცხადება, რაც მისი სამეცნიერო მოღვაწეობის კვალდაკვალ აუცილებლად დარჩება ჩვენს ისტორიას.“

კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის დამსახურებასა და მიღწევებზე.

„ბოლო 30 წლის მანძილზე ბატონ თამაზს მიღებული აქვს ყველა საპატიო ჯილდო, როგორც საქართველოში, მათ შორის ღირსების ორდენი ასევე, საერთაშორისო აკადემიური წოდებები“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

ტეგები