მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, სპეცრაზმელმა, რომელმაც თემირლანს ესროლა, თავი მოიკლა
ამობეჭდვა · 23 / 10 / 2019 17:55
მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, სპეცრაზმელმა, რომელმაც თემირლანს ესროლა, თავი მოიკლა

პანკისში დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ამ სპეცოპერაციაში მონაწილე პირთა უმრავლესობამ საქართველო დატოვა, ხოლო იმ სპეცრაზმელმა კი, რომელმაც უშუალოდ ესროლა თემირლან მაჩალიკაშვილს, სიცოცხელ თვითმკვლელობით დაასრულა. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ეს ინფორმაცია სანდო წყაროებისგან მიიღო.

გენერალურ პროკურატურაში კი ამ საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ. ყველა მათგანის დაკითხვა, როგორც „რეზონანსს“ სანდო წყარო უდასტურებს, ერთი დღის წინ მოხდა.

თავდაპირველად აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა.

რატომ არ დაიკითხნენ საქმის ირგვლივ აღნიშნული პირები ამ ხნის განმავლობაში და რა ახალი გარემოეებები შეიძლება გამოძიების დროს მათი დაკითხვის შემდეგ გამოიკვეთოს? აღიარებს თუ არა სახელმწიფო დანაშაულს მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტზე?

ერთი წელი და ათი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც პანკისში სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა და შემდეგ გარდაიცვალა. თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი „რეზონანსთან“ მაღალჩინოსნების დაკითხვას სტრასბურგის სასამართლოს უკავშირებს. მაჩალიკაშვილი გვიდასტურებს, რომ მათი დაკიხვა, სავარაუდოდ, ორშაბათს მოხდა და მან ამის შესახებ წაინასწარ უკვე ერთი კვირის წინ იცოდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე კვირა მისცა იმისთვის, რომ ამ საქმის ირგვლივ კონკერტული მტკიცებულებები შეგროვდეს და გამოძიება წარიმართოს. მისივე განცხადებით, ეს არის ტყუილების ახალი სერია, რომელსაც ახლა საქართველოს პროკურატურა მიმართავს.

გენერალურ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ მოქმედი მაღალჩინოსნების დაკითხვა მოხდა, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დაკონკრეტებისგან თავს იკავებენ. მათი თქმით, საქმის ირგვლივ ჭეშმარიტების დასადგენად ყველა საჭირო პირის დაკითხვა მოხდება, ვინც გამოძიებისთვის საინტერესო იქნება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი გენერალურ პროკურატურაში მის დაკითხვასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გოგაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამოძიება მალე დასრულდება და ყველაფერს ნათელი მოეფინება.

„გიდასტურებთ, რომ დავიკითხე პანკისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაახლოებით ორი თვის წინ. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ მალე დასრულდება აღნიშნული გამოძიება“, - განაცხადა გოგაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მაღალჩინოსნების დაკითხვა კიდევ ერთი სპექტაკლია, რომელსაც ახლა პროკურატურა სტრასბურგის სასამართლოს მოსაჩვენებლად თამაშობს. ევროპულმა სასამართლომ მაჩალიკაშვილის ასქმე წარმოებაში მიიღო და მისი თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც საქმის ირგვლივ საქართველოს ხელისუფლება გააქტიურდა.

მისივე ინფორმაციით, მაღალჩინოსნებთან მიმდინარეობდა მოლაპრაკაება, თუ როგორ და რა ფორმით უნდა მომხდარიყო მათი დაკითხვა.

„ეს არის ტყულების კიდევ ერთი სერია. რეალურად არაფერი ამ საქმის ირგვლივ არ შეიცვლება. ახლა ამათი გააქტიურება სტრასბურგის სასამართლოს გამო დაიწყო. იქიდან მიიღეს უკვე დავალება, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში საქმის ირგვლივ გარკვეული სიახლე უნდა იყოს და შეშინებულებმა ფაცხა-ფუცხი დაიწყეს.

„ჩემი სანდო წყაროები მეუბნებიან, რომ სპეცრაზმის უფროსი, რომელიც ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა და სხვა კიდევ მკვლელობის შემსწრე პირები საქართველოდან წავიდნენ. მათ ქვეყანა ფარულად დაატოვებინეს. ერთმა, რომელმაც თემირლანს ესროლა, არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ მითხრეს, რომ თავი მოიკლა.

„თემირლანის ოთახში სამი სპეცრაზმელი შევიდა. სწორედ ამ სამმა იცოდა რეალურად რა და როგორ მოხდა. ცოცხალი თავით არ ამბობენ, რომ თემირლანს ყურსასმენები ეკეთა და ისე მოკლეს. მერე ხელყუმბარა უკვე მაღალჩინოსნებმა მიიტანეს. რა ფარსიც არ უნდა დადგან, ამ ასქმეს მაინც ბოლომდე მივიყვან“, - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი „რეზონანსთან“.

მისივე თქმით, ყველა ღონეს გამოიყენებს, წლებიც რომ დასჭირდეს, რათა ამ საქმეზე სახელმწიფომ დანაშაული აღიაროს. აღიაროს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ტერორისტი არ ყოფილა და უდანაშაულო ადამიანი მოკლეს.

მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ წელიწადი და ათი თვეა რაც ხელისუფლებას იმედი ჰქონდა თემირლან მაჩალიკაშვილის დანაშაულის დამტკიცების, თუმცა ეს ვერ შეძლო, რადგანაც ის დამნაშავე არ არის. ეს კი რაც დრო გადის, უფრო მტკიცდება.

გამოძიების ინფორმაციით კი, თამირლან მაჩალიკაშვილი, ამ საქმეზე დაკავებულ რუსლან ალდამოვთან, ბადურ ჩოფანაშვილთან და რამაზ მარგოშვილთან ერთად, უშუალოდ ხელმძღვანელობდა ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების საქართველოში შემოყვანას, მათ დაბინავებას, საცხოვრებელი ბინით, საკვებით, მობილური ტელეფონებით და სხვა საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფას.

თემირლან მაჩალიკაშვილს 331-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული ბრალდება ჰქონდა წაყენებული, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას, ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. ეს მუხლი სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
resonancedaily.com

ტეგები