ვეტერანთა კულტურის და დასვენების პარკში მიმდინარე სამუშაოები დასასრულს უახლოვდება
ამობეჭდვა · 24 / 10 / 2019 16:04
ვეტერანთა კულტურის და დასვენების პარკში მიმდინარე სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

ვეტერანთა კულტურის და დასვენების პარკში მიმდინარე სამუშაოები დასასრულს უახლოვდებადედაქალაქის მერი კახა კალაძე ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

მისი თქმით, რეაბილიტაციის გარკვეულ ეტაპზე არსებული შეფერხებების მიუხედავად, პარკში სამუშაოები ამჟამად აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

„ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები აქ ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. ჩვენ გვქონდა სამუშაოებთან დაკავშირებული გარკვეული პრეტენზიები კომპანიასთან, თუმცა, დღეს განსხვავებული რეალობა გვაქვს. ასეთი მასშტაბის სამუშაოები აქ, რაც ეს პარკი გაკეთდა, არ შესრულებულა. რეაბილიტაციის შედეგად აქ ყველასთვის მოეწყობა სივრცე. ბავშვებისთვის იქნება ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები. ყველა თაობის წარმომადგენელს ექნება დასვენების შესაძლებლობა. ასევე, ძაღლებისთვის იქნება სპეციალური სივრცე, შემოღობილი ადგილი, სადაც ძაღლებს გაასეირნებენ. საბავშვო მოედანს რაც შეეხება, ვფიქრობ, ის ყველაზე დიდი იქნება, რაც კი თბილისში არსებულ სკვერებსა და პარკებშია - დაახლოებით, 600 კვ.მ ფართობზე იქნება განთავსებული. ამასთან, გაკეთდება ველობილიკი, ახალი განათებები და ორი ახალი შადრევანი“- განაცხადა კახა კალაძემ.

პარკში უკვე მოეწყო ამფითეატრი, სათამაშო მაგიდები, ბაქანი, საჩრდილობელი, საგამოფენო სივრცე, სადაც დარჩენილია სამღებრო და მოპირკეთების სამუშაოები; თითქმის დასრულდა ღობის, საკალათბურთო მოედნისა და პარკში მდებარე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები; მოეწყო ერისთავის ქუჩის მხრიდან ჩამოსასვლელი ორი კიბე; მოეწყო წყალარინების ქსელი; ბოლო ეტაპზეა განათების, სარწყავი სისტემისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემების მონტაჟი; მიმდინარეობს მშრალი ტიპის შადრევნის მოწყობა და სრულდება არსებული კლასიკური შადრევნის რეაბილიტაცია; თითქმის დასრულდა ბეტონის საფეხმავლო ბილიკებისა და ველობილიკის მოწყობა; მიმდინარეობს ბილიკებზე ლითონის ჩამკეტების მონტაჟი და მიწის სამუშაოები და უახლოეს პერიოდში დაიწყება გამწვანების სამუშაოები. 

პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 71 313 კვადრატული მეტრია, ასევე, მოეწყობა საბავშვო და სპორტული მოედნები, კორტები და შინაური ცხოველების სასეირნო არეალები. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია.

დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ ამაშუკელი.