საბჭოთა დისიდენტი და მწერალი ვლადიმერ ბუკოვსკი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 28 / 10 / 2019 10:26
საბჭოთა დისიდენტი და მწერალი ვლადიმერ ბუკოვსკი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში ცნობილი საბჭოთა დისიდენტი და მწერალი ვლადიმერ ბუკოვსკი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მის ვებგვერდზე გავრცელდა.

„ვლადიმერ კონსტანტინის ძე ბუკოვსკი, რომელსაც The New York Times-მა „საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის ლეგენდარული მასშტაბის გმირი“ უწოდა, 27 ოქტომბერს კემბრიჯის საავადმყოფოში, 76 წლისა გარდაიცვალა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვლადიმერ ბუკოვსკი ბაშკირეთის ქალაქ ბელებეიში 1942 წელს, ევაკუირებულთა ოჯახში დაიბადა. მოსკოვში დაბრუნების შემდეგ ის დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე გახდა, კერძოდ, იყო ახალგაზრდების რეგულარული უკანონო შეკრებების ერთ-ერთი ორგანიზატორი და ავრცელებდა აკრძალულ ლიტერატურას.

ბუკოვსკი რამდენჯერმე დააპატიმრეს და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაუნიშნეს. საერთო ჯამში მან პატიმრობაში 12 წელი გაატარა.

1976 წელს საბჭოთა კავშირმა ბუკოვსკი ჩილელი კომუნისტების ლიდერ ლუის კორვალანზე გაცვალა. ამის შემდეგ ბუკოვსკი კემბრიჯში ცხოვრობდა, სადაც სსრკ-ში პოლიტიკური დევნის შესახებ წიგნებს წერდა. ვლადიმერ ბუკოვსკი დასავლეთის ქვეყნების მიერ 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

2010 წლის თებერვალში ბუკოვსკი თბილისს სტუმრობდა. მან „ახალი ეკონომიკური სკოლის” ოფისში საბჭოთა კავშირის დაშლის მიზეზებზე ლექცია წაიკითხა.