აკაკი ზოიძე: ყველა სკრინინგის პროგრამაში აუცილებელია ჩვენი აქტიური მონაწილეობა იმისათვის, რომ ძვირად არ დაგვიჯდეს უყურადღებობა
ამობეჭდვა · 29 / 10 / 2019 14:46
აკაკი ზოიძე: ყველა სკრინინგის პროგრამაში აუცილებელია ჩვენი აქტიური მონაწილეობა იმისათვის, რომ ძვირად არ დაგვიჯდეს უყურადღებობა

„ეს თვე გახლავთ ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვე. მოგიწოდებთ, 40 წლის ასაკის ზემოთ ქალებს, წელიწადში ერთხელ, აუცილებლად მიმართოთ ექიმს და იმ დაწესებულებებს, სადაც ჩაგიტარდებათ უფასო სკრინინგი ძუძუს კიბოსთან დაკავშირებით. იგივე ეხება ნებისმიერ სხვა პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია C ჰეპატიტთან, პროსტატის კიბოსთან, საშვილოსნოს ყელის კიბოსთან და სხვა. ყველა სკრინინგის პროგრამაში აუცილებელია ჩვენი აქტიური მონაწილეობა იმისათვის, რომ ძვირად არ დაგვიჯდეს უყურადღებობა და იმ ნაბიჯის არა გადადგმა, რომელიც ჩვენს სიცოცხლეს გადაარჩენდა“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, გუშინ გაიმართა იმ გეგმების საჯარო პრეზენტაცია, რის გაკეთებასაც ხელისუფლება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების მიმართულებით გეგმავს და რაც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კონკრეტულ შედეგებს მოიტანს ქვეყნის თითოეული მოქალაქისათვის.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან თავის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საკმარისი არ არის, თუ ადამიანებმა არ იზრუნეს საკუთარ ჯანმრთელობაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა შეასრულოს ის მინიმალური მოთხოვნები და გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც მის ჯანმრთელობას და მის სიცოცხლეს გაახანგრძლივებს. ქალებში ყოველი მერვე სიკვდილი დაკავშირებულია სწორედ ამ ვერაგ დაავადებასთან - ძუძუს კიბოსთან. ჩვენს ქვეყანაში, მერიის და სახელმწიფოს დაფინანსებით, ტარდება ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამა, სხვა კიბოს სკრინინგის პროგრამებთან ერთად. სამწუხაროა, რომ სამიზნე მოსახლეობის მხოლოდ 16% ახერხებს და გადის უფასო სკრინინგს, რომელიც პოტენციურად გადაარჩენდა ათასობით ქალის სიცოცხლეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა სკრინინგის დროს სახიფათო სიმპტომატიკის გამოვლენის შემთხვევაში მიაკითხონ ჯანდაცვის დაწესებულებებს, სადაც მომსახურება, მკურნალობა, მათ შორის მესამე და მეოთხე სტადიაში, სახელმწიფოს მხრიდან არის სრულად დაფინანსებული“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
 

ტეგები