ახალგორში ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, ქალს სამედიცინო დახმარება ვერ აღმოუჩინეს და გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 29 / 10 / 2019 15:06
ახალგორში ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, ქალს სამედიცინო დახმარება ვერ აღმოუჩინეს და გარდაიცვალა

ოკუპირებული ახალგორის სოფელ იკოთში მცხოვრები მარგო მარტიაშვილი, რომელიც სავარაუდოდ, ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის საავადმყოფოში გადაჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა. ამის შესახებ "იმედინიუსი" წერს.

მას შემდეგ, რაც დეფაქატო ცხინვალმა ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტა, პაციენტების მცხეთასა და თბილისში გადმოყვანა შეუძლებელი გახდა. მიზეზი ჩორჩანაში აგებული საგუშაგოა. როგორც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, ვიდრე ქართული მხარე ამ საგუშაგოს არ აიღებს, გზების გახსნას არ აპირებენ.

ქალის გარდაცვალების ფაქტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა.

„საუბედუროდ და სამწუხაროდ, ეს ტრაგედია არ არის ერთადერთი შემთხვევა. მოსახლეობას სჭირდება გადაადგილება სასიცოცხლო საჭიროებებისთვის ისევე, როგორც სჭირდებოდა ახალგორში მცხოვრებ ადამიანს, მარგარიტა მარტიაშვილს. დღესაც მოვუწოდებ ყველას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გახსნან ახალგორის გადასასვლელი, რადგან ადამიანებს ექმნებათ რეალური საფრთხე, მარ შორის სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებით, ასევე პრობლემაა პროდუქტებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ოჯახებთან კავშირი და ასე შემდეგ. ვიცი, რომ ზოგიერთს ეშინია წითელ ჯვართან დაკავშირება, რომელიც ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა. მოსახლეობას უნდა ვუთხრა, რომ იმ პერიოდში, როდესაც ყოველდღე ვმუშაობთ, გაიხსნას გადასასვლელი, ასეთ წინააღმდეგობას ვაწყდებით. ნუ შეეშინდებათ, დარეკონ ცხელ ხაზზე ან დაუკავშირდნენ წითელ ჯვარს გადაადგილების საჭიროების შემთხვევაში, თუნდაც ნებისმიერ სახელმწიფო უწყებას. საქმე ეხება სიცოცხლეს და მათ ფუნდამენტურ უფლებებს“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ტეგები