"ეისითი": კვლევის შედეგად, თბილისში ტაქსის რეფორმას გამოკითხულთა 25% ძალიან დადებითად აფასებს
ამობეჭდვა · 29 / 10 / 2019 16:09
"ეისითი": კვლევის შედეგად, თბილისში ტაქსის რეფორმას გამოკითხულთა 25% ძალიან დადებითად აფასებს

ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფმა (ეისითი) თბილისში განხორციელებულ ტაქსის რეფორმაზე კვლევა ჩაატარა. კომპანია დაინტერესდა , როგორ აფასებენ თბილისელები ამ რეფორმას და რისი მოლოდინი აქვთ.

,,ეისითის” კვლევის შედეგების თანახმად, თბილისში განხორციელებულ ტაქსების რეფორმას დედაქალაქში გამოკითხულების 25% ძალიან დადებითად, 32% კი უფრო დადებითად, ვიდრე უარყოფითად აფასებს. იმ რესპონდენტების რაოდენობა კი, რომლებიც ტაქსების რეფორმას ძალიან უარყოფითად ან უფრო უარყოფითად, ვიდრე დადებითად აფასებენ, ერთმანეთის მსგავსია და, შესაბამისად, 18%-ს და 19%-ს შეადგენს.

ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ გამოკითხულების 70% ტაქსების რეფორმის შედეგად დედაქალაქში უფრო მოწესრიგებულ და სუფთა ტაქსებს მოელის. აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულების 17%, საკითხის მიმართ კი ნეტრალური დამოკიდებულება აქვს 10%-ს (არც ეთანხმება და არც არ ეთანხმება).

გამოკითხულების 72%-ს ტაქსების რეფორმის შემდეგ დედაქალაქის იერსახის გაუმჯობესების იმედი აქვს. აღნიშნულს არ ეთანხმება 15%, 11%-ს კი ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს.

თბილისში გამოკითხულების 59% თვლის, რომ რეფორმის შედეგად ტაქსით მგზავრობა უფრო უსაფრთხო გახდება. აღნიშნულს არ ეთანხმება გამოკითხულების 21%, ნეიტრალურ განწყობას კი ავლენს 14%.

ასევე, კვლევამ უჩვენა, გამოკითხულების 2/3 შიშობს, რომ რეფორმა გააძვირებს ტაქსის მომსახურებას (66%). 14% აღნიშნულს არ ეთანხმება, 12% კი ნეიტრალურ დამოკიდებულებას ავლენს.

მთლიანობაში დედაქალაქში გამოკითხულების 2/3 ტაქსების რეფორმას მტკივნეულ, მაგრამ თბილისისთვის აუცილებელ რეფორმად თვლის (64%). აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულების 20%, ხოლო ნეიტრალურია 13%.

ტეგები