პირველ ოქტომბერს დაჯარიმებულ ტაქსის მძღოლებს ჯარიმები ჩამოეწერებათ
ამობეჭდვა · 30 / 10 / 2019 11:33
პირველ ოქტომბერს დაჯარიმებულ ტაქსის მძღოლებს ჯარიმები ჩამოეწერებათ

ფერის სტანდარტის დარღვევისა და ნებართვის არქონის გამო, პირველ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა. 

მისი თქმით, პარლამენტი ერთჯერადი ამნისტიის აქტს გამოსცემს. 

„როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტი ამნისტიის კანონს იხილავს. ამ დღეებში პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი. თქვენ იცით, რომ  ერთჯერადი ამნისტიის აქტი გამოიცემა და ეს ჯარიმები იქნება ჩამოწერილი. ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებსაც პირველ ოქტომბერს საპატრულო პოლიციამ გამოუწერა ჯარიმა ფერის სტანდარტის დარღვევის გამო. ესენი არიან ის ტაქსის მფლობელები, რომლებსაც ჰქონდათ ტაქსის ნებართვა, მაგრამ ავტომანქანა არ იყო თეთრი. ასევე, გათავისუფლდებიან პირები, რომლებსაც 30 სექტემბერს გაუვიდათ ნებართვის მოქმედების ვადა და პირველ ოქტომბერს დაჯარიმდნენ ნებართვის არქონის გამო“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერის თქმით, ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან მხოლოდ ეს ორი კატეგორია გათავისუფლდება.