კომპანიები, რომლებიც პირველი ნოემბრიდან ტაქსებს უფასოდ მოემსახურებიან და სალონების ქიმიურ წმენდას ჩაატარებენ
ამობეჭდვა · 30 / 10 / 2019 12:18
კომპანიები, რომლებიც პირველი ნოემბრიდან ტაქსებს უფასოდ მოემსახურებიან და სალონების ქიმიურ წმენდას ჩაატარებენ

პირველი ნოემბრიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, ავტომანქანის სალონების ქიმიური წმენდის ვაუჩერით ისარგებლონ და სერვისის მისაღებად კონკრეტულ კომპანიებს მიმართონ. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა განაცხადა. 

კახა კალაძის თქმით, ტაქსის მფლობელები სერვისს შემდეგ მისამართებზე მიიღებენ: „ავტო სპა“, ბერი სალოსის გამზირის N31-ში, „დირსის“ კორპუსების მიმდებარედ და „ავტო შხაპი“, შეშელიძის N68-ში. 

„გამოქვეყნებულ კონკრეტულ მისამართებზე A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ მიბრძანდნენ  და ყოველგვარი გადასახადების გარეშე ისარგებლონ ამ სერვისით. გარდა ამისა, ვინც ისარგებლებს აღნიშნული ვაუჩერებით, მათ უფასოდ გადაეცემათ ტექნიკურ მომსახურებაზე 20%-იანი ფასდაკლების ბარათები“,- განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნული სიახლის შესახებ ინფორმაცია A კატეგორიაში ჩართულ ყველა მძღოლს ეს ემ ეს შეტყობინებითაც ეცნობება.

დედაქალაქის მერმა ტაქსის სერვისის გამწევთა განახლებულ სტატისტიკაზეც ისაუბრა. მისი თქმით, A  კატეგორიის ტაქსების რაოდენობა ბოლო ერთ კვირაში 2000-ით გაიზარდა. 

„A კატეგორიაში მონაწილე ტაქსების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. დღეის მდგომარეობით გაცემულია 13 000-მდე ლიცენზია. რეგისტრირებულთა რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 2000-ით გაიზარდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება. რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს. სხვა მნიშვნელოვანი ეტაპებისა და მიმართულებების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.