ადვოკატმა მედიას დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილი გააცნო
ამობეჭდვა · 01 / 11 / 2019 19:24
ადვოკატმა მედიას დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილი გააცნო

მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დეკანოზი „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება შეწყალების შესახებ სინოდის შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად ყველაფერს იღონებს “.

როგორც მიხეილ რამიშვილმა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, დეკანოზი გიორგი მამალაძე მადლობს სულიწმინდა ღმერთს, რომელმაც ეკლესიას შუამდგომლობის გადაწყვეტილება მიაღებინა.

„ის მადლობს სულიწმინდა ღმერთს, რომელმაც ეკლესიას შუამდგომლობის გადაწყვეტილება მიაღებინა. იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს იღონებს შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად. იგი იმედს გამოთქვამს, რომ გათავისუფლების შემდეგ ექნება საშუალება, დააფიქსიროს თავისი პოზიცია მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. ამავდროულად, სინოდზე და სინოდის შემდგომ განვითარებული მოვლენები, რომელიც დაკავშირებულია მიტროპოლიტ პეტრესთან, არის უაღრესად მძიმე და იმედოვნებს, რომ ნათელი ქრისტესი გაგვანათლებს ყოველთა”, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

რაც შეეხება დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მიხეილ რამიშვილის თქმით, გიორგი მამალაძის მდგომარეობა მძიმეა და მარჯვენა ხელ-ფეხს ვერ ამოძრავებს.

მისივე შეფასებით, დეკანოზისთვის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობა საკმარისი არ არის.

„მდგომარეობა ისევ და ისევ მძიმეა, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანს მარჯვენა ხელ-ფეხი წართმეული აქვს და შეზღუდულია. ამასთან, მას არ აქვს შესაბამისი პირობები სამკურნალოდ. ფაქტობრივად ის მკურნალობის კურსს ვერ გადის, მისი დაავადებისთვის ეს საკმარისი არ არის, პირიქით, შესაძლოა უფრო მეტად პრობლემატური იყოს ეს მკურნალობა და მომავალში პრობლემები შეექმნას“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე შუამდგომლობა გაეწიოს, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით. თუმცა, საპატრიარქოს პრეზიდენტისთვის თხოვნით ჯერჯერობით არ მიუმართავს.

interpressnews.ge

ტეგები