ზაზა გაბუნია სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა
ამობეჭდვა · 01 / 11 / 2019 20:17
ზაზა გაბუნია სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია სტუდენტური პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებს შეხვდა.

კომიტეტის თავმჯდომარე სტუდენტებს სახელმწიფოს განვითარებაში საზოგადოების როლზე ესაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის წინსვლისთვის თითოეული ადამიანის როლი უმნიშვნელოვანესია და სწორედ ამიტომ სტუდენტებს პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვისკენ მოუწოდა და ყურადღება განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ზაზა გაბუნიამ ახალგაზრდებს კომიტეტის ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო, ისაუბრა საქართველოს რეგიონული და თვითმმართველობის პოლიტიკის მიღწევებზე, იმ თემებზე, რომლებზეც კომიტეტი აქტიურად მუშაობს, ამასთან, განიხილა ამ მხრივ არსებული გამოწვევებიც.



შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო მმართველობის დეცენტრალიზაციაზე და კონსტიტუციურ ცვლილებებზე საუბარს. კომიტეტის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს მიაწოდა ინფორმაცია პარლამენტის ახალი რეგლამენტით განსაზღვრულ საპარლამენტო ზედამხედველობის ისეთ ინსტრუმენტებზე, როგორიცაა მინისტრის საათი, ინტერპელაცია, თემატური მოკვლევის ჯგუფები და ა.შ.

ზაზა გაბუნიამ ახალგაზრდებს კომიტეტის ფარგლებში, მისი ინიციატივით უსახლკარო მოქალაქეების საკითხზე შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის მიზნები გააცნო.

„ეს არის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია მოქალაქეთა სიცოცხლის უფლებასთან, მათი ჯანმრთელობის უფლებასთან და ამ საკითხს უკავშირდება მთელი რიგი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხებისა, ამიტომ საჭიროა შემუშავდეს ეროვნული სტრატეგია ამ პრობლემასთან ბრძოლისთვის, განისაზღვროს შესაბამისი სამოქმედო გეგმა, გამოიკვეთოს სტრატეგიაში როგორც ცენტრალური, ისე მუნიციპალური ხელისუფლების როლი.’’- აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს საკონსტიტუციო ცვლილებები განუმარტა და საარჩევნო სისტემების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრის მეორე ნაწილი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდები დაინტერესდნენ ისეთი საკითხებით, როგორიცაა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა წინაშე არსებული სოციალური გამოწვევები, კონკრეტულ რეგიონებში არსებული წყალმომარაგების პრობლემები და ა.შ.

შეხვედრის დასასრულს ზაზა გაბუნიამ სტუდენტურ პარლამენტთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილა და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა.​

ტეგები