შესაძლოა, საპენსიო სქემაში ჩართვა სავალდებულო აღარ იყოს
ამობეჭდვა · 04 / 11 / 2019 13:19
შესაძლოა, საპენსიო სქემაში ჩართვა სავალდებულო აღარ იყოს

სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, შესაძლოა, საპენსიო სქემაში ჩართვა სავალდებულო აღარ იყოს. საკონსტიტუციო სასამართლომ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე სარჩელი განსახილველად უკვე მიიღო.

აღნიშნული სარჩელით, მოქალაქე ედუარდ მარიკაშვილმა და ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართოს მიმართეს.

მოსარჩელე სადავო ნორმების მოქმედების დროებით შეჩერებასაც ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა განსხვავებული აზრი დააფიქსირა. იმერლიშვილი მიიჩნევს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლოს უნდა შეეჩერებინა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ის მუხლები, რომელიც დამსაქმებლისგან 2-პროცენტიან შენატანს მოითხოვს.

„მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მოსარჩელე დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის სახით გაღებული ფინანსური ხარჯის უკან დაბრუნების მექანიზმს. ამდენად, არსებობს მისი საკუთრების უფლების შეუქცევადად დარღვევის საფრთხე“, – აღნიშნავს იმერლიშვილი.

საკონსტიტუციო სარჩელი GDI-იმ და იურისტმა ედუარდ მარიკაშვილმა მოამზადეს. სარჩელი ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება. გასაჩივრებულია “დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონის ის მუხლები, რომლებითაც მოქალაქეთათვის და მათი დამსაქმებლებისთვის საპენსიო შენატანების განხორციელება სავალდებულოა.

მოსარჩელეთა აზრით, სახელმწიფოს მხრიდან 2%-იანი და 1%-იანი შენატანების განხორციელება ახალ პრობლემას წარმოშობს, რაც წინააღმდეგობაში მოდის თანასწორობის კონსტიტუციურ ჩანაწერთან. მთავრობა საპენსიო კონტრიბუციის განხორციელებისას არ ითვალისწინებს მოქალაქეთა ქონებრივ მდგომარეობას პენსიაზე გასვლის მომენტისთვის. ეს რიგ შემთხვევებში შეიძლება ნიშნავდეს, რომ პენსიაზე გასვლისას ქვეყნის ყველაზე დაბალშემოსავლიანმა მოსახლეობამ (სოციალურად დაუცველებმა) ვერ მიიღონ სათანადო პენსია, მაშინ, როდესაც უფრო მაღალშემოსავლიანებს გაცილებით დიდი მოცულობის საბიუჯეტო თანხა გადაუნაწილდებათ.

სარჩელს სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს, რომელშიც თეიმურაზ ტუღუში, ირინე იმერლიშვილი, მანანა კობახიძე და თამაზ ცაბუტაშვილი შედიან.

საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, ოქტომბრის მდგომარეობით დაგროვებით საპენსიო სქემაში სულ 911,897 ადამიანია ჩართული. მათგან 737,254 პირი კერძო, 211,842 კი საჯარო სექტორშია დასაქმებული.
დაგროვებითი საპენსიო სქემა ჯამში 162,103-მა დასაქმებულმა დატოვა. სქემაში ჩართული კერძო კომპანიების რიცხვი კი, 58,811-ია.
ფონდის მთლიანი ღირებულება 394 მილიონ ლარს შეადგენს.
report.ge

ტეგები