თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება, შესაძლოა, შეწყდეს
ამობეჭდვა · 05 / 11 / 2019 14:36
თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება, შესაძლოა, შეწყდეს

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება, შესაძლოა, შეწყდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ფაქტობრივად, დაასრულა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტება ვერ დაადგინა.

ინფორმირებული წყაროს ცნობით, საგამოძიებო უწყების შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიმდინარე თვის განმავლობაში გახდება ცნობილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თემირლანის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა, იქამდე, ვიდრე სახელმწიფო მისი ოჯახის წინაშე ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, ბრძოლას არ შეწყვეტს.