მინიმალური ხელფასის ოდენობა, შესაძლოა, 500 ლარამდე გაიზარდოს
ამობეჭდვა · 06 / 11 / 2019 12:07
მინიმალური ხელფასის ოდენობა, შესაძლოა, 500 ლარამდე გაიზარდოს

დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, საქართველოში მინიმალური ხელფასი კანონით განისაზღვროს.

ბექა ნაცვლიშვილი კანონპროექტს დღეს დაარეგისტრირებს. დეპუტატი განმარტავს, რომ დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში 229 ათასი ადამიანის საშუალო ანაზღაურება თვეში 280 ლარს შეადგენს, რაც საარსებო მინიმუმზე ნაკლებია.

„მათ ამ ანაზღაურებით საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებაც არ შეუძლიათ. კანონპროექტის გათვალისწინებით, მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმზე მეტი უნდა იყოს, რომელიც დღეს, 380 ლარს შეადგენს. მინიმალური ხელფასი დარიცხული 500 ლარი უნდა იყოს, ხელზე ასაღები 400 ლარი, რაც საშუალო ხელფასის 45 პროცენტს წარმოადგენს. მინიმალური ხელფასის განსაზღვრა მინიმუმ 229 ათასი ადამიანის მდგომარეობას გააუმჯობესებს. თუ კანონით ხელფასის ქვედა ზღვარის დადგენა მოხდება, ეს გამოიწვევს სხვა შედარებით მაღალი ანაზღაურების მქონე ადამიანების ხელფასის ზრდას“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.