რომან კაკულიამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლების მიერ მიღწეული შედეგები შეაფასა
ამობეჭდვა · 06 / 11 / 2019 16:40
რომან კაკულიამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლების მიერ მიღწეული შედეგები შეაფასა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულიამ საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი ერთი წელი პერიოდი შეაფასა და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

„ამ დღეებში აქტუალური იყო ბიძინა ივანიშვილის ერთი წლის წინანდელი დაპირების შესაბამისობაში არსებული მიღწევები და გადადგმული ნაბიჯების შეფასების თემა. აღნიშნულ საკითხს მინდა გამოვეხმაურო და ვისაუბრო თუ რა იყო იმ პერიოდში უფრო აქტიური და უფრო ეფექტური პარლამენტის და მთავრობის მუშაობისთვის.



პირველი გამოვყოფდი თვითონ პარლამენტის როლის ახლებურად დანახვის მცდელობას იმ გარკვეული ტიპის გამოწვევების გათვალისწინებით, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში დაგვანახა საპარლამენტო ცხოვრებამ. მინდა ვთქვა რომ არჩილ თალაკვაძე ძალიან ბევრს აკეთებს, სწორედ პარტიის თავმჯდომარის უშუალო კონსულტაციის შემდეგ, ამ თემასთან მიმართებაში, რათა გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი და ამ გადაწყვეტილებებში საზოგადოებრივი ინტერესების მაქსიმალური ასახვის პროცესი, თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს. სწორედ ამას ემსახურებოდა ე.წ. შეხვედრების მთელი ციკლი საზოგადოებასთან, რათა კიდევ ერთხელ დაზუსტდეს თუ რა არის გაკეთებადი დარჩენილ პერიოდში. პარლამენტის თავმჯდომარე ცდილობს ამ გამოცდილებისა და კომიტეტის თავმჯდომარეების როლის წინა პლანზე წამოწევით, მაქსიმალურად კოორდინირებული გახადოს პარლამენტის მიერ საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების პროცესი. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ცვლილება რაც შეიძლება გამოიხატოს სწორედ ამ ტერმინით, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის ფუნქციის ახლებურად დანახვა ამდენი წლის განმავლობაში ნამდვილად მოხდა.



მეორე, აუცილებლად გამოვყოფდი თემას თუ რამდენად ეფექტური იყო მთავრობა ბიზნესის მხარდაჭერის საკითხში, რათა უფრო ხელშესახები ყოფილიყო ბიზნესის განვითარების და შესაბამისად ეკონომიკური ზრდის პროცესები. ერთი წლის წინ არსებულ კონსულტაციებში გამოვლინდა ის პრობლემა, რომ ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს ის კონკურენტული უპირატესობები რომლებიც უკვე მკაფიოდ უკავშირდებიან ქვეყნის განვითარების პოტენციალს და მთავრობის გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი, სწორედ მათ ჭრილში იქნას ინდივიდუალურად განხილული, რაც ახალი პრემიერის ერთ-ერთი მთავრი განმასხვავებელი, თუ შეიძლება ითქვას, ნიშა არის მთავრობის მუშაობის პროცესში. მეორე მნიშვნელოვანი პროცესი, რაც შეიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში შეიძლება შევაჯამო არის ბიზნესის მხარდაჭერის ზოგადი ტენდენციები, როგორიც არის მაკროეკონომიკური ფაქტორები. არაერთი საერთაშორისო შეფასებებით, სხვადასხვა ინდიკატორების გათვალისწინებით, ისინი პოზიტიურად ფასდება, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კონკურენტულ უპირატესობებს, რომლებიც ძალიან მალე უფრო ხელშესახებ შედეგებს დადებენ.



მესამე, რაც გრძელვადიანი პერსპექტივისათვის მნიშვნელოვანია, არის ის რომ ბოლო ერთ წლის განმავლობაში განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა საგარეო მიმართულებით და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა ზოგადად ბიზნესის განვითარებისთვის და ინვესტიციების მოზიდვისთვის. პირველი რიგის ფაქტორი არის საგარეო მოცემულობა და ამ მიმართულებაში მაქსიმალურად ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმისთვის შიდა მზაობა, რომელიც ბოლო ერთი წელია სულ სხვა ტემპით და სხვა სიღრმისეული ანალიზით მიმდინარეობს.



ასევე გამოვყოფდი კორუფციის წინააღმდეგ ძალიან მკაფიოდ გადადგმულ ნაბიჯებს. ყოველ თვეში იდგმება გარკვეული ტიპის ნაბიჯები, რათა მაქსიმალურად მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ეს საკმაოდ არასასურველი ტენდენცია, რომელიც ყველა დანარჩენ ფაქტორზე ცხადია ცუდად ზემოქმედებს და შეიძლება ითქვას რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებაც მეოთხე ფაქტორადაც კი შეიძლება რომ დასახელდეს.



ეს არის ის მიმართულებები რომელთა შედეგები, ვფიქრობ რომ საზოგადოების მიმართ ძალიან კარგად აისახება ჩვენს წინა საარჩევნო პოზიციონირებაში და ჩვენ შევძლებთ რომ არჩვენების წინ ვისაუბროთ არა მხოლოდ წარმატებებზე და მიღწეულ შედეგებზე, არამედ თამამად ვთქვათ იმ გარკვეული ხარვეზების შესახებაც, რამაც განაპირობა ის, რომ შესაძლოა შედეგების მოლოდინი უფრო მეტი ქონდა საზოგადოებასაც და ჩვენც, მაგრამ არსებობდა ბევრი ობიექტური მიზეზი“, - განაცხადა რომან კაკულიამ.