ვერავინ ვერავის აუკრძალავს ან დაუდგენს რა ფილმს უყუროს და რა წაიკითხოს - ომბუდსმენი
ამობეჭდვა · 07 / 11 / 2019 12:50
ვერავინ ვერავის აუკრძალავს ან დაუდგენს რა ფილმს უყუროს და რა წაიკითხოს - ომბუდსმენი


"ვერავინ ვერავის აუკრძალავს ან დაუდგენს, რა ტიპის ფილმი უნდა გადაიღოს, გაუშვას ან ვინ რა ფილმს უყუროს და რა წიგნი წაიკითხოს", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ლევან აკინის ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ"-ის პრემიერასთან დაკავშირებით განაცხადა.

ნინო ლომჯარიას თქმით, ის რაც ამ ფილმთან დაკავშირებით "მოვისმენთ, პირდაპირი მუქარა იყო".

"ჩვენ რაც მოვისმინეთ, ეს იყო პირდაპირი მუქარა, რომ მოახდენენ კონკრეტული შენობების, მათი შესასვლელების ბლოკირებას, ჩაშლიან კინოჩვენებას და არ შეუშვებენ იქ ადამიანებს. აღნიშნული ტიპის ქმედება თუ განხორციელდა, ეს არ წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროს და სწორედ ამაზე მივანიშნეთ ჩვენ როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები იმისთვის, რომ სხვა პირთა გადაადგილების თავისუფლებას, მათი უფლებების რეალიზაციასა და უსაფრთხოებას არ შეექმნას საფრთხე. მე იმედი მაქვს, რომ პოლიცია იქნება მობილიზებული იმ დღეს და იმედი მაქვს, რომ თავიდან იქნება აცილებული ნებისმიერი გართულება ამ მიმართულებით", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

4 ნოემბერს მარშის ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ პრემიერას ჩაშლიან. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძე კი განაცხადა, რომ ფილმის ჩვენებას ეკლესიის მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვება. მოგვიანებით საპატრიარქომ განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ ეკლესია სოდომური ურთიერთობების პოპულარიზაცას არასდროს შეურიგდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი ფილმის ჩვენების დროს უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას.