რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ 9 თვის შესრულების ანგარიში მოისმინა
ამობეჭდვა · 07 / 11 / 2019 14:27
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ 9 თვის შესრულების ანგარიში მოისმინა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, კომიტეტის თავმჯდომარემ 2007 წლის 7 ნოემბერთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

ზაზა გაბუნიას თქმით, ეს იყო ერთერთი ტრაგიკული დღე თანამდეროვე საქართველოს ისტორიაში, როდესაც სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს მათი მოქალაქეობრივი და პოლიტიკური პოზიციის გამოხატვისთვის უმკაცრესად გაუსწორდა.

„ჩვენ, მოქალაქეებმა ვიგრძენით უხეშ, ველურ ძალად ტრანსფორმირებული სახელმწიფო ძალაუფლების ზემოქმედება, როგორც სადამსჯელო აქტი თავისუფლების წინააღმდეგ. პასუხი ამ მოქალაქეობრივ ხმაზე იყო სისხლის გზით ჩახშობა თავისუფალი ნების და პოზიციის თავისუფლად გამოთქმის სურვილისა. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან კარგი და საგულისხმო მაგალითი, როგორც მნიშნელოვანი და მძიმე ფურცელი ჩვენი ისტორიისა. იმის გამოხატულება, თუ როგორ და სადამდე შეიძლება გაიყოს და გაიხლიჩოს უფსკრული საზოგადოებას და ხელისუფლებას შორის. მოხარული ვარ, რომ ამ ადამიანებზე ჩვენ შეგვიძლია უკვე ვილაპარაკოთ წარსულ დროში, თუმცა, ბუნებრივია, გაკვეთილი არის მნიშვნელოვანი და მორალი ამ გაკვეთილიდან იქნება საგულისხმო ყველა მომდევნო თაობისთვის ჩვენს ქვეყანაში“,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

2007 წელს რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს ასევე გამოეხმაურა კომიტეტის წევრი, კარლო კოპალიანი.

„ყველაზე დიდი მონაპოვარი რაც არის ჩვენი ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, არის ის, თუ რა პირობებში ცხოვრობენ დღეს ჩვენი მოქალაქეები. მჯერა, რომ ეს შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების პროცესი, რომელიც საქართველოში 2012 წელს დაიწყო, გაგრძელდება „ქართული ოცნების“ იმ წესდებით და პროგრამით, რომელიც მან ხალხს მიაწოდა და არასდროს 2007 წლის 7 ნოემბრის მსგავსი დღეები საქართველოში აღარ განმეორდება“,-განაცხადა კარლო კოპალიანმა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საქართველოს ბიუჯეტის 2019 წლის შესრულების 9 თვის მიმოხილვა“ წარადგინა.

მომხსენებლის განმარტებით, მიმდინარე წლისთვის დაგეგმილი იყო 4,5 % ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც გამოქვეყნებული 9 თვის მონაცემებით 5%-ს შეადგენს.

საგარეო სექტორზე საუბრისას, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9 მლრდ. 193 მლნ აშშ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.5 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტის მაჩვენებელი 2 მლრდ 719 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 6 მლრდ 475 მლნ აშშ დოლარს. მომხსენებლის განცხადებით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი არის ევროკავშირი, რომლის წილი მთლიან საქონელბრუნვაში 24.9%-ს შეადგენს.

მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, 9 თვის მონაცემების მიხედვით, გაზრდილია საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, რომელმაც 7 მლნ 238 ათასს მიაღწია. მისივე თქმით, 9,9%-ით გაზრდილია ფულადი გზავნილები.

როგორც გიორგი კაკაურიძემ განმარტა, ნაერთ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 8 მლრდ 473,5 მლნ ლარი, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 101,3%-ია. პრივატიზაციიდან მისაღები თანხები დაგეგმილი იყო 105,5 მილიონი ლარის ოდენობით, რეალურად მიღებულმა შემოსავალმა კი შეადგინა 136, 7 მლნ ლარი.

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, განსაზღვრული იყო 13 090 000.0 ათასი ლარით. 9 თვეში გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 9 343,5 მლნ ლარს, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 99%-ია.

მომხსენებელმა დეპუტატებს უწყებების მიხედვით 9 თვის შესრულების მაჩვენებლებთან დაკავშირებით ინფორმაციაც მიაწოდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2019 წლის გეგმა- 1,984,000.0 ლარს შეადგენდა. 9 თვის ფაქტიური შესრულება -1,332,737.1 ლარია (101.8 პროცენტი). მათ შორის:

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები: გეგმა- 843,695.8 ლარი, ფაქტიური შესრულება -101.3%.

საავტომობილო გზების მშენებლობა და მოვლა-შენახვა-451,335.7 ლარი, 100.0%.

ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა 386,612.4 ლარი, 102.8%

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია:166,381.8 ლარი, 100.9%.

წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია: 198,094.4 ლარი, 106.1%.

მყარი ნარჩენების მართვის პროგრამა: 14,426.6 ლარი, 102.9%.

იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა:55,693.1 ლარი, 100.0%.

ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია: 48,398.1 ლარი, 99.6%.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერები იღებენ დანამატს პენსიის 20%- ის ოდენობით, ასევე სოციალური პაკეტის მიმღებები - დანამატის სოციალური პაკეტის 20%-ის ოდენობით. უზრუნველყოფილია დანამატები მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისთვის (ექიმისთვის – პენსიის ორმაგი ოდენობით, ექთნისთვის – პენსიის ერთმაგი ოდენობით). ანაზღაურებულია მაღალმთიან დასახლებებში არსებული აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის 50%. სულ ამ მიზნით საანგარიშო პერიოდში მიმართულ იქნა 38.5 მლნ ლარი.

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით დაფინანსდა შატილისა და ბარისახოს საჯარო სკოლები (პანსიონები). „მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დახმარებით უზრუნველყოფილ იქნა 25 მუნიციპალიტეტში მომუშავე სპორტის 25 სახეობის 336 მწვრთნელი. ანაზღაურებულ იქნა ყაზბეგის მუნიციპალიტეტისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში, აგრეთვე იმ სოფლებში, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭათ, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის 2018 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 15 მაისამდე პერიოდში მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურება 6.9 მლნ ლარის ოდენობით (მოხმარებული ბუნებრივი აირის ოდენობა - 12.1 მლნ მ3).

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებზე, გზების მოვლა-შენახვაზე, ახალი მაგისტრალების, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მშენებლობაზე 837.9 მლნ ლარი დაიხარჯა. მათ შორის: სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, საჯარო სკოლების მშენებლობა რეაბილიტაციისათვის და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით კი დახარჯულ იქნა 247.8 მლნ ლარი.

მომხსენებელმა წარმოადგინა ინფორმაცია მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან აქტებით გამოყოფილი ასიგნების მოცულობის შესახებ. მისი თქმით, ასიგნებების მოცულობამ 20 000.0 ათასი ლარი, ხოლო სახაზინო სამსახურის მიერ გადარიცხულმა თანხებმა - 5 422.5 ათასი ლარი შეადგინა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2019 წლის გეგმით გათვალისწინებულ და ათვისებულ თანხებთან დაკავშირებით კანონმდებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

კომიტეტის სხდომაზე დღესვე, საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ,,საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის (ქვეშეთი-კობი) გზა)“ დაუჭირეს მხარი.

პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 558.6 მილიონ აშშ დოლარი. პროექტი განხორციელდება აზიის განვითარების ბანკის (ADB), EBRD -სა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით.

პროექტის ფარგლებში, მთლიანობაში განხორციელდება ქვეშეთსა და კობს შორის 23 კილომეტრიანი შემოვლითი გზა, ასევე დაახლოებით 10.5 კილომეტრიანი გვირაბების მშენებლობა. პროექტის დასრულების თარიღია 2026 წლის 30 ივნისი.