ნინო გოგუაძემ დეზინფორმაციის საკითხებზე შექმნილ საერთაშორისო კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ამობეჭდვა · 08 / 11 / 2019 14:21
ნინო გოგუაძემ დეზინფორმაციის საკითხებზე შექმნილ საერთაშორისო კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ნინო გოგუაძემ დუბლინში, საერთაშორისო კომიტეტის გაფართოებულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა. კომიტეტი დეზინფორმაციის და ყალბი ამბების გავრცელების საკითხებზე ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის პლატფორმას წარმოადგენს.  პარლამენტის წევრები მსჯელობენ ამ მიმართულებით თავიანთ ქვეყნებში არსებულ გამოწვევებზე და დიდ სოციალურ ქსელებთან ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობებზე.
 
საკომიტეტო სხდომაზე მოწვეულები იყვნენ და პარლამენტის წევრების შეკითხვებს პასუხობდნენ Google, Facebook, Twiter, Youtube მმართველი რგოლების წარომადგენლები. 
 
სხდომაზე ნინო გოგუაძემ ისაუბრა თუ როგორ იცავს „facebook“-ი თავის მომხმარებლებს კიბერ-შეტევებისას, როგორია მათი პოლიტიკა იმ შემთხვევებში, როცა ერთი ქვეყანა მეორის მიმართ პოლიტიკური მოტივებით ახორციელებს კიბერ შეტევას. ასევე, რა პოლიტიკა აქვთ მათ შედარებით პატარა ქვეყნებთან სათანამშრომლოდ.
 
„დეზინფორმაციის და ყალბი ამბების გავრცელება გამოწვევაა როგორც საქართველოსთვის ასევე, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის. საერთაშორისო საპარლამენტო კომიტეტი სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ ანგარიშვალდებულები გახადონ სოციალური ქსელები და დეზინფორმაციის და ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ მათ მეტად ეფექტიანი პოლიტიკა გაატარონ. სხდომაზე შესაძლებლობა მქონდა მესაუბრა facbook-ის  ვიცე პრეზიდენტთან, მონიკა ბიკერტთან იმ საკითხებზე თუ როგორ იცავს facebook-ი თავის მომხმარებლებს კიბერ შეტევებისას, როგორია მათი პოლიტიკა იმ შემთხვევებში, როცა ერთი ქვეყანა მეორის მიმართ პოლიტიკური მოტივებით ახორციელებს კიბერ შეტევას. ასევე, რა პოლიტიკა აქვთ შედარებით პატარა ქვეყნებთან სათანამშრომლოდ. ჩვენთვის ეს ფორმატი შესაძლებლობაა საქართველოში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ვეთანამშრომლოთ სოციალურ ქსელებს და მოვთხოვოთ მათზე რეაგირება“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
 
საპარლამენტო პლატფორმა 2017 წელს შეიქმნა დიდი ბრიტანეთის ინიციატივით და აერთიანებს ბრიტანეთის, აშშ-ს, ირლანდიის, კანადის, ავსტრალიის, ესტონეთის, ფინეთის, სინგაპურის, ბრაზილიის საკანონმდებლო ორგანოებს.