პარლამენტში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა სასწავლო ვიზიტი შედგა
ამობეჭდვა · 08 / 11 / 2019 17:20
პარლამენტში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა სასწავლო ვიზიტი შედგა

აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების მიერ ხელმოწერილ „თბილისის მემორანდუმის“ ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში აპარატის თანამშრომელთა პირველი სასწავლო ვიზიტი გაიმართა. აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლდოვის, სომხეთის და ბელორუსის პარლამენტების აპარატის თანამშრომლები, ორი დღის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის აპარატში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაციას და პრეზენტაციებს გაეცნენ.

სასწავლო ვიზიტის მონაწილეებს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ უმასპინძლა და სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებთან, მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული პირველი სასწავლო ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია, რომ „თბილისის მემორანდუმის“ ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატების თანამშრომელთა პირველი სასწავლო ვიზიტი საქართველოში გაიმართა. სასწავლო ვიზიტის მიზანია რეგიონში ჩვენ პარტნიორ ქვეყნებს გავაცნოთ ის რეფორმები და მიღწევები, რომელიც საქართველოს პარლამენტში მიმდინარებს. ორი დღის განმავლობაში აპარატის თანამშრომლებს შესაძლებლობა ქონდათ შეხვედროდნენ როგორც პარლამენტის წევრებს, ასევე პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და გაცნობოდნენ იმ ნოვაციებს, რომლებიც საქართველოს პარლამენტში ბოლო პერიოდის განმავლობაში დაინერგა“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის განცხადებით, სასწავლო ვიზიტები მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ექვსი ქვეყნის პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს პირდაპირი კომუნიკაციის და უშუალო ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობები ეძლევათ, რაც გამოცდილების და ცოდნის გაზიარების ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს, ყოველივე ეს კი,  სამომავლო რეგიონულ თანამშრომლობის მიმართულებებზე დადებითად აისახება.

ორდღიანი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლდოვის, სომხეთის და ბელორუსის პარლამენტების აპარატის თანამშრომლები პარლამენტის კვლევითი ცენტრის უფროსს, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსს, საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსს, პარლამენტის სასწავლო ცენტრის და პრესცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ.