არჩილ თალაკვაძე: თამარ ჩუგოშვილის სტატია „ვაშინგტონ ეგზამინერიში“ არის მნიშვნელოვანი გზავნილი და პასუხი დეზინფორმაციაზე
ამობეჭდვა · 08 / 11 / 2019 17:43
არჩილ თალაკვაძე: თამარ ჩუგოშვილის სტატია „ვაშინგტონ ეგზამინერიში“ არის მნიშვნელოვანი გზავნილი და პასუხი დეზინფორმაციაზე

„თამარ ჩუგოშვილის სტატია არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი და პასუხები ძირითადად იმ დეზინფორმაციაზე, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი საერთაშორისო მასშტაბით ავრცელებს  საქართველოს იმიჯის საზიანოდ“,- ასე ეხმაურება არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის სტატიას, რომელიც  გამოცემაში -  „ვაშინგტონ ეგზამინერი“ გამოქვეყნდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა ოპოზიციის იმ ნაწილსაც, რომელმაც პუბლიკაციის გამოცემაში გამოქვეყნება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვად შეაფასა.

„ალბათ, ზუსტად ოპოზიციის ამ ნაწილს არ ესიამოვნა ამ სტატიის წაკითხვა. იქ არის გაკეთებული ძალიან ძლიერი აქცენტები. რაც შეეხება აპელირებას დანახარჯებზე, შემთხვევით ეს ის ოპოზიცია ხომ არ არის, ვინც გრიფით საიდუმლო მუხლით ხარჯავდა მილიონებს ლობისტების დაქირავებაზე და ლობისტური საქმიანობის დაფინანსებაზე, რომელიც, სხვათა შორის, ქვეყნის ინტერესებისთვის იყო მიმართული თუ მათი ვიწროპარტიული ინტერესებისკენ, ამას პასუხი ჯერ კიდევ უნდა გაეცეს მათი მხრიდან. ამიტომ, თამარ ჩუგოშვილზე საუბარს, ურჩევნიათ, კითხვებზე გასცენ პასუხი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.