“ძალიან ვამაყობ, რომ არცერთმა კინოთეატრმა დაიხია უკან“ - ლევან აკინი
ამობეჭდვა · 09 / 11 / 2019 12:53
“ძალიან ვამაყობ, რომ არცერთმა კინოთეატრმა დაიხია უკან“ - ლევან აკინი

ქართულ-შვედური ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” რეჟისორი ლევან აკინი გუშინდელ კინოჩვენებას Instagram-ზე უხმაურება.

“ძალიან ვამაყობ, რომ არცერთმა კინოთეატრმა დაიხია უკან ან გააუქმა დაგეგმილი და გაყიდული კინოჩვენება და ნაცვლად ამისა, სოლიდარობა გამოხატა. ქართულმა აუდიტორიამ საბოლოოდ ნახა ეს ფილმი. ეს ბრძოლა დასასრულიდან შორსაა. მე ძალიან შთაგონებული და შეძრული ვარ, ყველა მამაცი მაყურებლით, მედგრად იდგა და ვინც არ შეშინდა”, – წერს ლევან აკინი.

8 ნოემბერს ფილმ “და ჩვენ ვიცეკვებთ” პრემიერასთან დაკავშირებით თბილისში სხვადასხვა ადგილას აქციები გაიმართა. ყველაზე დაძაბული ვითარება კინოთეატრ “ამირანთან” იყო, სადაც ჰომოფობიური ჯგუფების წევრებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. მათ სურდათ ფილმის ჩვენების ჩაშლა. ოფიციალური მონაცემებით, დაკავებულია 11 ადამიანი. ლევან ვასაძე აქციებსა და სეანსების ჩაშლის მცდელობებს დღესაც აანონსებს.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.