თბილისის მერი Startup Grind Europe-Asia Connect-ის კონფერენციას დაესწრო
ამობეჭდვა · 09 / 11 / 2019 13:12
თბილისის მერი Startup Grind Europe-Asia Connect-ის კონფერენციას დაესწრო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე Startup Grind Europe-Asia Connect-ს კონფერენციას დაესწრო.

Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1500-ზე მეტი მონაწილე ესწრება.

კახა კალაძის თქმით, ასეთი მასშტაბური ღონისძიებები ხელს უწყობს დედაქალაქის პოპულარიზაციას და ინოვატორი ახალგაზრდების სათანადოდ წარმოჩენას.

„ჩვენი ქვეყნისა და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სამიტია. წარმოიდგინეთ, სან-ფრანცისკოსა და ლონდონის შემდეგ, თბილისი იქნა არჩეული Startup Grind-ის პლატფორმად. ეს მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის პოპულარიზაციისთვის, ასევე ჩვენს გონიერ და ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებიც საქართველოში საკმაოდ ბევრნი არიან, რეალურად ეძლევათ შესაძლებლობა, თავიანთი ნიჭის რეალიზება შეძლონ სხვადასხვა პროექტში. მივესალმები მსგავსი ღონისძიების ჩატარებას დედაქალაქში. ჩვენი მხრიდან იქნება ყველანაირი ხელშეწყობა და თანადგომა, რომ ამ ახალგაზრდების ნიჭი გამოყენებული იყოს ქვეყნის საკეთილდღეოდ და კონკრეტულ სასარგებლო პროექტებში“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

საქართველოში მიმდინარე რეგიონული ღონისძიება Startup Grind-ის ფარგლებში გამართული მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება „სილიკონ ველისა“(8000 დელეგატი) და ლონდონის (3000 დელეგატი) შემდეგ. კონფერენცია აერთიანებს 30-ზე მეტ სპიკერს 20-ზე მეტი ქვეყნიდან.

ორი დღის განმავლობაში, ტექნოლოგიური კონფერენციის სპიკერები იქნებიან ისეთი კომპანიების დამფუძნებლები და წარმომადგენლები, როგორიცაა: Google, Glovo, 500 Startups Fintech Fund, Picsart, Garage Ventures, Shift, Nexus Partners და სხვა. ასევე, ანტრეპრენერები, ტრენერები და ინვესტორები ევროპიდან და აშშ-დან.

ღონისძიება მოიცავს მრავალფეროვან სესიებსა და ფორმატებს, რომელთა დამსწრეები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს გაეცნობიან.

Startup Grind-ის ტექნოლოგიური სამიტი თავს უყრის მსოფლიოს წარმატებულ სტარტაპებს, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებსა და ექსპერტებს იმისთვის, რომ რეგიონი მიმზიდველი გახადოს მსოფლიოს წარმატებული ბიზნესებისთვის, ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, ქართული და რეგიონული კომპანიებისა და სტარტაპებისთვის ახალი კავშირების დამყარებას და გამოცდილების გაზიარებას.