საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვია
ამობეჭდვა · 10 / 11 / 2019 18:46
საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა გენერალური მდივნის დახვედრის ცერემონია. მას ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დახვდნენ.

გენერალური მდივანი ვიზიტი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოახლოებულ თავმჯდომარეობას უკავშირდება. ვიზიტის ფარგლებში გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან გამართავს.

„მოგეხსენებათ, 2019 წლის 27 ნოემბერს საქართველო ხდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა, რაც 2020 წლის 15 მაისამდე გაგრძელდება. გენერალური მდივნის ვიზიტის მიზანია, გაეცნოს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს და დაისახოს საქართველოსთან თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.

თავმჯდომარეობის პერიოდის განმავლობაში დაგეგმილია მრავალი სხვადასხვა დონის ღონისძიება, რაც ფართოდ წარმოაჩენს საქართველოს სტრასბურგში“, – განაცხადა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ირაკლი გივიაშვილმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 11 ნოემბერს, 10:00 საათზე საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის შეხვედრა. 11:00 საათზე კი მედიისთვის გაკეთდება განცხადებები.

ტეგები