ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო
ამობეჭდვა · 12 / 11 / 2019 12:24
ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. მიზეზი ბრალდებულის ადვოკატის, მამუკა ბასილაშვილის სასამართლოში გამოუცხადებლობაა.

როგორც მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ განაცხადა, მისთვის უცნობია, თუ როდის შეძლებს აღნიშნული ადვოკატი სასამართლოში გამოცხადებას, რის გამოც, ირაკლი ოქრუაშვილს იმავე ბიუროდან სავალდებულო წესით სხვა ადვოკატი დაენიშნება.

ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო სხდომას დღესაც არ ესწრებოდა.

ცნობისთვის, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა.

გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.

ოქრუაშვილის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო საჩივარი, მისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის თაობაზე.