მეუფე საბა: შაკო ბარამიძისთვის წესის აგების საკითხს სინოდზე განვიხილავთ
ამობეჭდვა · 12 / 11 / 2019 13:52
მეუფე საბა: შაკო ბარამიძისთვის წესის აგების საკითხს სინოდზე განვიხილავთ

შაკო ბარამიძისთვის წესის აგების საკითხი სინოდის მიერ, პატრიარქთან ერთად იქნება- ამის შესახებ მეუფე საბამ განაცხადა. ავარიაში დაღუპული 24 წლის ბიჭი „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახური იყო.

მეუფე საბას განმარტებით, „გირსა“ და სხვა რელიგიურ ორგანიზაციებში გაწევრიანება ეკლესიის სივრციდან ავტომატურად გასვლას ნიშნავს.

„როგორც „გირჩმა“ გასცა ბრძანება შემდგომ, რომ ახალგაზრდა უკვე არ არის ჩვენი წევრი და ეკლესიამ წესი აუგოს, ეს უკუპროცესი ასე არ ხდება. საბუთის გაცემა, რომ ის აღარ არის ჩვენი წევრი, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის ეკლესიაში დაბრუნდა. ეკლესიაში დაბრუნებას თავისი წესი აქვს - ან სინანულით, სხვა ლოცვების წაკითხვით და ასე შემდეგ, ხდება ადამიანის ეკლესიის წიაღში მიღება. თუ ადამიანი ეკლესიის სივრციდან არის გასული, მისთვის ეკლესია ვერნაირ მსახურებას ვერ ასრულებს ეკლესიაში. რადგან დადასტურდა, რომ ახალგაზრდა ამ ორგანიზაციაში იყო გაწევრიანებული და მას ქონდა საბუთი, რომ ის არის გირჩის წევრი და მღვდელმთავარი, ამან შემიზღუდა შესაძლებლობა მისთვის წესი ამეგო"- განაცხადა მეუფე საბამ.

მისი თქმით, მან სიტუაცია ოჯახს აუხსნა და შეპირდა, რომ ამ საკითხს სინოდზე დააყენებდა.

„შეიძლება, სინოდის სხდომა გახდეს საჭირო. წესის აგება დასაფლავების დღესაც, მეორმოცე დღეს და წლისთავზეც შეიძლება. რა ინტერესი უნდა მქონდეს, რომ წესის აგება არ მინდოდეს. როცა გირჩის ამ ინიციატივაზე პროტესტი გამოვთქვით, მაშინ თქვეს ეკლესიას ვინ კითხავსო და თუ ეკლესიას ვინ კითხავს, რა საბუთებს იძლევიან, გარდაცვალების შემდეგ რატო იცილებენ პასუხისმგებლობას და ჩვენ რატო გვეუბნებიან თქვენ აუგეთ ახლა წესიო" - განაცხადა მეუფე საბამ.

მანამდე შაკო ბარამიძის ოჯახმა განაცხადება გაავრცელა. მისი მშობლების თქმით, ისინი კატეგორიულად ემიჯნებიან პოლიტიკური ორგანიზაცია ,,გირჩის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოჯახმა დაკრძალვის თარიღი გადადო იმის მოლოდინში, რომ იპოვიდა სხვა მოძღვარს, რომელიც თანხმობას განაცხადებდა მიცვალებულისათვის წესის აგებაზე.

უფრო ადრე „გირჩმა“ განაცხადა, რომ წინა კვირის სამშაბათს, ავტოავარიაში დაიღუპა სამტრედიის რაიონში მცხოვრები, “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახური, 24 წლის შაკო ბარამიძე. მათი მტკიცებით, ოჯახს სურს შაკოს მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა. მიცვალებულისთვის წესის ასაგებად ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.

„გირჩის“ ინფორმაციით, სასულიერო პირებმა მათ უთხრეს, ადამიანებს, ვისაც "ბიბლიური თავისუფლების" მოწმობა აქვთ აღებული, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბასგან აკრძალული აქვთ წესის აგება. ოჯახს გარდაცვლილი შაბათს უნდა დაეკრძალა, მაგრამ გადადეს, რადგან არ სურთ მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე დაკრძალვა.