„გუდაური ნუცუბიძის პლატოს დაამსგავსეს“ - როგორ ხვდებიან ზამთრის კურორტები სეზონს
ამობეჭდვა · 12 / 11 / 2019 14:09
„გუდაური ნუცუბიძის პლატოს დაამსგავსეს“ - როგორ ხვდებიან ზამთრის კურორტები სეზონს

„იმდენი ახალი კორპუსი გაიხსნა და იმდენმა დაიწყო ბინების გაქირავება, რომ სასტუმრო მათ კონკურენციას ვერ გაუწევს. კურორტს შეიძლება არ დაეტყოს ტურისტების სიმცირე, მაგრამ სასტუმროებს ძალიან დაეტყობა.“ – გუდაურში მდებარე სასტუმრო „თრუსოს“ მეპატრონე ლევან კრიჭაშვილი ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად „კომერსანტთან“ კურორტებზე არსებულ რთულ პირობებზე, რუსეთიდან ჯავშნების შემცირებულ რაოდენობაზე საუბრობს.

ტრადიციულად წლევანდელი ზამთრის სეზონი კურორტ ბაკურიანისა და გუდაურისთვის ყველაზე საინტერესო და იმედისმომცემი პერიოდია, თუმცა ადგილობრივი ბიზნესის წარმომდგენლები ამბობენ, რომ წლევანდელი სეზონი არც ისე სახარბიელო და შემოსავლიანი იქნება, რადგან წელს მათივე თქმით, შემცირებულია ჯავშნები, რაც არ ჰგავს წინასეზონური პერიოდის შარშანდელ მაჩვენებელს და ძირითადად რუსი ტურისტების სიმცირითა და კურორტებზე ინსფრასტრუქტურული პრობლემებითაა გამოწვეული.


„შემცირებული კი არა, ფაქტობრივად მიზერული რაოდენობის ჯავშნები გვაქვს, შარშან ამ დროს ასეთი მდგომარეობა არ იყო. ყოველწლიურად სასტურმოებს უმცირდებათ დატვირთვა იმიტომ, რომ გუდაური ნუცუბიძის პლატოს დაამსგავსეს. უზარმაზარ კორპუსებს აშენებენ და ეს ცალკე პრობლემაა. ამასობაში ჩვენ ხარჯები გვეზრდება. მთის კურორტების კომპანია ბევრს მუშაობს და მთას პატრონი ჰყავს, მაგრამ კურორტს არ ჰყავს პატრონი, გზები არ არსებობს, კანალიზაცია საერთოდ არ არსებობს გუდაურში. აბონიმენტები იყიდება თბილისელებისთვის, რომლებიც ერთი დღით ჩამოდიან და მიდიან უკან. სასტუმროების ჯავშნები ძალიან შემცირებულია და მოლოდინიც არ გვაქვს უკეთესის. კურორტი უნდა მოეწყოს, კანალიზაცია უნდა გაკეთდეს, საპარკინგე ადგილები უნდა გაკეთდეს, ტრანსპორტი უნდა მოწესრიგდეს და შესაბამისად, საშუალობიუჯეტიანი ტურისტიც შემოვა. ძირითადად, დაბალბიუჯეტიანები შემოდიან, ბინებში საჭმელში გართობაში ეკონომიას აკეთებენ და ურჩევნიათ, რომ იაფფასიანი სასმელ-საჭმელი იყიდონ. საღამოს აქტივობები არ არის გუდაურში , სად უნდა წავიდეს ადამიანი, სასტუმრო რაც არ უნდა კეთილმოწყობილი იყოს ადამიანს სასტუმროს გარეთ ცოტა გასეირნება უნდა“ - ამბობს გუდაურში მდებარე სასტუმრო „თრუსოს“ მეპატრონე ლევან კრიჭაშვილი.


ბაკურიანის სასტუმრო „ვერე პალასში“ აცხადებენ, რომ მათი ტურისტების დიდი ნაწილი სომხეთის, უკრაინისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე მოდის, თუმცა, ბაკურიანის შარშანდელი საცობებისა და პრობლემების გათვალისწინებით, ტურისტებს უფერხდებათ დასვენების პროცესი და ამან შესაძლოა მათი მხრიდან თავშეკავება გამოიწვიოს.



„შარშან სავალი ტრასების რებილიტირება საკმაოდ ნელი ტემპებით მიმდინარეობდა, შეიქმნა საცობები, აყრილ-დაყრილი იყო ყველაფერი, ბორდიულები არ იყო მოწყობილი, სადაც დასასრულებელი იყო იქ სილის გორები იდგა და მოკლედ კოშმარი ხდებოდა. წელს იმედია დაასრულებენ ამ ყველაფერს და თოვლით გადაფარვას არ დაელოდებიან იმიტომ, რომ შარშან ზუსტად ეგრე იყო, ელოდებოდნენ, რომ თოვლს გადაეფარა ეს გორები. კურორტი აღარ ჰგავს ზამთრის კურორტს და ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა.“ - ამბობს „ვილა პალასის“ გენერალური მენეჯერი ანა გრიგალაშვილი



წელს რუსი ტურისტების სიმცირე ბევრი სასტუმროსთვის აშკარა პრობლემა აღმოჩნდა, რუსეთთან ავიამიმოსვლის აკრძალვამ ზამთრის სეზონზე ბუნებრივია სრიალისა და მთაში დასვენების მოყვარული რუსები ქართულ ტურისტულ ბაზარს 80 პროცენტით მოაკლო, რაზეც სასტუმროები ამბობენ, რომ უკეთესის მოლოდინი ამ სეზონზე აქვთ.



„რუსეთის ფაქტორმა გავლენა მოახდინა ჩვენს ბაზარზეც, დაახლოებით 80 %-ით შემცირებულია ჯავშნები რუსეთიდან. ეს კი საკმაოდ სავალალოა.“- ამბობს ბაკურიანის სასტუმრო „კრისტალის“ გაყიდვების მენეჯერი გიორგი მაისურაძე.