გოგი მეშველიანი მამუკა კაციტაძეს: რატომ უჭერთ თქვენ მხარს ბლოკების სისტემის შენარჩუნებას და არა რეალური პოლიტიკური პარტიების განვითარებას
ამობეჭდვა · 12 / 11 / 2019 18:38
გოგი მეშველიანი მამუკა კაციტაძეს: რატომ უჭერთ თქვენ მხარს ბლოკების სისტემის შენარჩუნებას და არა რეალური პოლიტიკური პარტიების განვითარებას

„ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ჩვენი პოლიტიკური გუნდის ინიციატივაა და ალბათ, ამ პროექტის შემოტანით ჩვენი ოპონენტები ცდილობენ ეს ინიციატივა წარმოაჩინონ როგორც არა სახელისუფლებო გუნდის, არამედ მათ მიერ ინიცირებულ საკითხად. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ამომრჩეველი და ჩვენი მოქალაქეები ამ მოცემულობამ არ უნდა დააბნიოს. ე.წ. ნულოვანი ბარიერის შემოღებით, როგორც ეს ჩვენ გვაქვს განსაზღვრული, რეალურ პოლიტიკურ პარტიებს უნდა მივცეთ განვითარების საშუალება. ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდგომში: რატომ უჭერთ თქვენ მხარს ბლოკების სისტემის შენარჩუნებას და არა რეალური პოლიტიკური პარტიების განვითარებას?“, - ამ შეკითხვით მიმართა საპარლამეტო უმრავლესობის წევრმა გოგი მეშველიანმა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, მამუკა კაციტაძეს პლენარულ სხდომაზე საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვისას.



მისივე თქმით, პარტიების ბლოკებში გაერთიანება, რასაც ითვალისწინებს საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, ემსახურება საბიუჯეტო დაფინანსების და მათ შორის, სატელევიზიო რეკლამის მოპოვების მიზნებს.



„მთავარი პრინციპული განსხვავება შემოთავაზებულ ორ პროექტს შორის გახლავთ საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობა. ჩვენ ვიცით, რომ რეალურად, წელს გვყავს 19 კვალიფიციური სუბიექტი და მათი დაფინანსებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება 21 მილონი ლარი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვყავს, მათ შორის, 12 პარტია, რომლებმაც ჯამურად 1%-ზე მეტი დააგროვეს და 10 მილიონ ლარ დაფინანსებას იღებენ ბიუჯეტიდან. ჩემი ვარაუდით და დიდი ალბათობით, ამ პარტიების მონაწილეობა და ბლოკებში გაერთიანება თავიდანვე მხოლოდ და მხოლოდ საბიუჯეტო დაფინანსების და მათ შორის, სატელევიზიო რეკლამის მოპოვების მიზნებს ემსახურებოდა“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.