გია გაჩეჩილაძე: საარჩევნო რეფორმა იძლევა საშუალებას ერთჯერადად ჩამოვაყალიბოთ პოლიტიკური სპექტრი 2020 წლის არჩევნებში
ამობეჭდვა · 12 / 11 / 2019 18:39
გია გაჩეჩილაძე: საარჩევნო რეფორმა იძლევა საშუალებას ერთჯერადად ჩამოვაყალიბოთ პოლიტიკური სპექტრი 2020 წლის არჩევნებში

„სიმართლე გითხრათ, უკვე მოსაბეზრებელი გახდა ეს აღვირახსნილი პოპულიზმი. მე ოპოზიციას მინდა ვთხოვო, რომ ჩაწერონ თავისი გამოსვლა და ატრიალონ 24 საათის განმავლობაში, ყველა თემასთან დაკავშირებით. ოღონდ არ გამორჩეთ, რომ ყოველი სამი წინადადების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ახსენონ. ასეთი დავალება აქვთ მათ თავისი არაფორმალური მმართველისგან, სააკაშვილისგან, რომელიც კაცმა არ იცის ახლა როგორ ფსიქიკურ მდგომარეობაშია და რა პერსპექტივები აქვს საერთოდ, თუ რა თქმა უნდა ციხეში არ მოხვდა.



სამწუხარო ამბავი ის გახლავთ, რომ ამ პოპულიზმის ფონზე მთავარი იკარგება, რადგან მშვენიერი და სახელმწიფო თვალსაზრისით მნიშნელოვანი რეფორმა ტარდება ქვეყანაში. ვისაც საქართველოს პოლიტიკური ისტორია ახსოვს, მან ძალიან კარგად იცის, თუ რა უბედურებები ხდებოდა ამ პოლიტიკური ჯგუფების შემოსვლით და გასვით პოლიტიკიდან. ვერაფრით ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკური სპექტრი საქართველოში. უამრავი პარტიის დასახელება შეიძლება დღეს, რომელიც მმართველი პარტიები იყვნენ და რომლებიც ფიზიკურად აღარ არსებობენ. ეს იცით რისი ბრალი იყო? იმიტომ რომ ლიდერებზე ჩამოკიდებული პარტიები იყო და მათ იდეოლოგიასთან არანაირი შეხება არ ქონდათ. ეს რეფორმა იძლევა საშუალებას ერთჯერადად ჩამოვაყალიბოთ პოლიტიკური სპექტრი 2020 წლის არჩევნებში და 2024 წლის არჩევნებში მივიდეთ გამართული, იდეოლოგიურად გასწორებული და საზოგადოებისთვის ნაცნობი პოლიტიკური სპექტრით, რომ დავემსგავსოთ ბოლოს და ბოლოს სახელმწიფოებს, სადაც ასეთი პროცესები მიმდინარეობს.



რაც შეეხება ბლოკების საკითხს, ბლოკების საკითხი ძირშივე ეწინააღმდეგება ამ რეფორმის შინაარსს. მოგეხსენებათ, რომ 19 კვალიფიციური სუბიექტია საქართველოში. მათ აქვთ დაფინანსება, მათ აქვთ ტელევიზიაზე წვდომა არჩევნების დროს და თუ ვინმე აქ მყოფთაგან ამ 19-დან 8-ს მაინც დამისახელებს, მადლობელი ვიქნები. ეს არის იმ ბლოკების შედეგი, რომელიც ამ რეალობას გვიქმნის და გარდა ამისა, ეს ბლოკები საშუალებას იძლევა აქ წარმოდგენილმა პარტიებმა თავის შემადგენლობაში შეიყვანონ ოკუპანტებთან დაკავშირებული პარტიები ჩუმად და ამის საშუალებით შემოგვაპარონ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური სისტემა“,-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარემ გია გაჩეჩილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიხილავენ.