ირაკლი კობახიძე: 2018 წლის არჩევნებზე 1 მლნ 150 ათასმა ადამიანმა დააფიქსირა, რომ ნაცმოძრაობა არის ბოროტება
ამობეჭდვა · 13 / 11 / 2019 13:56
ირაკლი კობახიძე: 2018 წლის არჩევნებზე 1 მლნ 150 ათასმა ადამიანმა დააფიქსირა, რომ ნაცმოძრაობა არის ბოროტება

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ, კოლეგებს 2010 წელს მიღებული კონსტიტუციის მიზანი შეახსენა.

“ნაცმოძრაობის ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ განემტკიცებინათ სააკაშვილის ჭარბი, ავტორიტარული, თითქმის ტოტალიტარული ძალაუფლება გაეხანგრძლივებინათ უკვე პრემიერის რანგში. ჩვენ ეს პროავტორიტარული კონსტიტუცია შევცვალეთ ახალი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მქონე დემოკრატიული კონსტიტუციით, თუმცა იქაც კი არ მოინდომა ოპოზიციამ მხარდაჭერა. ეს მათ პოლიტიკურ კულტურაზე მეტყველებს“, - განაცხადა მომხსენებელმა. მისი თქმით, ქართული ოცნება ნაცმოძრაობას დაჰპირდა არა პროპორციულ სისტემას, არამედ მძიმე მარცხს პროპორციული სისტემის პირობებში.

„აქედან გამომდინარე, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ისინი არათუ ვერ ასცდნენ 27 მანდატს, არამედ მიიღონ ამაზე ბევრად ნაკლები. ამის ყველანაირი რესურსი არსებობს შემდეგი ერთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემაზე ხალხის მხარდაჭერას, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით ჩატარებულია 2 სოციოლოგიური კვლევა. „დაახლოებით 40% მყარად უჭერს მხარს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, 40% ამბობს, რომ მაჟორიტარული სისტემა არის უფრო მისაღები, ხოლო 20 % ვერ ერკვევა ამ საკითხში და ვერ აყალიბებს თავის პოზიციას. ეს არის საზოგადოების განწყობა, რაზეც მიუთითებს კვლევები. შესაბამისად, არავის ვურჩევდი, ისაუბროს საზოგადოების სახელით, მით უმეტეს ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს. გუშინ აქ ნაცმოძრაობის წარმომადგენელი საუბრობდა საზოგადოების სახელით. ეს არის ის საზოგადოება, რომელმაც გამოგიცხადათ, რომ თქვენ ხართ ბოროტები. ჩვენ 2018 წელს საზოგადოებას შევთავაზეთ ასეთი მესიჯი: თუ თქვენ თვლით, რომ ნაცები არიან ბოროტება, არა ნაცებს, არა ბოროტებას, მაშინ მოდით არჩევნებზე და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი და 1 მლნ 150 ათასმა ადამიანმა დააფიქსირა, რომ ნაცმოძრაობა არის ბოროტება“- მიმართა ოპოზიციას ირაკლი კობახიძემ

ტეგები