კარლო კოპალიანი: ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნის წინაშე, პასუხი აგოს - სხვა შემთხვევაში, დგება კითხვა, ღირს თუ არა ამ დაუნახავ პოლიტიკურ სპექტრში მივიღოთ ხელისუფლებისთვის ძალიან სარისკო გადაწყვეტილება
ამობეჭდვა · 13 / 11 / 2019 14:51
კარლო კოპალიანი: ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნის წინაშე, პასუხი აგოს - სხვა შემთხვევაში, დგება კითხვა, ღირს თუ არა ამ დაუნახავ პოლიტიკურ სპექტრში მივიღოთ ხელისუფლებისთვის ძალიან სარისკო გადაწყვეტილება

„გამომსვლელებს რომ ვუსმენ, ოპონენტები მყავს მხედველობაში, მგონი, ისეთი პათოსით და გონორით გვესაუბრებიან, ვისაც გადაწყვეტილი აქვს აღნიშნულ ცვლილებაზე ხმის მიცემა, იმათაც გადაიფიქრონ. ამიტომ, მე ვიქნები პირდაპირი - სამართლიანობა და დემოკრატიული ცხოვრება, პირველ რიგში, მოითხოვს სამართლიანი სახელმწიფოს შენებას, რომელიც, თავისთავად, გულისხმობს ადამიანის უფლებების დაცვას და ყველა იმ ფუნდამენტური ღირებულებების წინ წამოწევას, რომელიც საჭიროა ქვეყნის სრულყოფილი განვითარებისთვის. მაგრამ, ამასთან ერთად, მოითხოვს სამართლიან საზოგადოებას, ასევე, მოითხოვს სამართლიანობის აღდგენას, ასევე მოითხოვს იმ ადამიანების დასჯას, ვინც დააზარალა ჩვენი მოქალაქეები და იმ სისტემის სამართლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, რომლითაც ჩვენ ვცხოვრობდით, ეს მოითხოვს წართმეულის დაბრუნებას, უფლებების აღდგენას. მაინტერესებს, ზუსტად ამის გამო ვკარგავთ ჩვენ მხარდამჭერებს და იმის გამო, რომ ასეთი გონორით გველაპარაკებიან დღეს ზოგიერთები. ვერავითარი პროპორციული სისტემა ვერ უშველის დემოკრატიის განვითარებას, სანამ სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები და ამ რეჟიმის შემქმნელები პასუხისგებაში არ იქნებიან მიცემული. ეს ადამიანები სატელიტურ თეფშებს აპატიმრებდნენ. რა გახდა, ვისაც ევალება, გადმოიღონ ეს თაროზე შემოდებული ქეისები და ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე, კეთილი ინებონ და პასუხი აგონ. არადა, სხვა შემთხვევაში, ნამდვილად დგება კითხვა, ღირს თუ არა ამ დაუნახავ პოლიტიკურ სპექტრში მივიღოთ ხელისუფლებისთვის ძალიან სარისკო გადაწყვეტილება“,- განაცხადა კარლო კოპალიანმა პლენარულ სხდომაზე.