გიორგი ვოლსკი: დღეს საჭიროა დაფიქრება, სიტუაციის სიღრმისეულად გაანალიზება და ხმის მიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რაც 92 ხელმოწერით დავადასტურეთ
ამობეჭდვა · 13 / 11 / 2019 15:58
გიორგი ვოლსკი: დღეს საჭიროა დაფიქრება, სიტუაციის სიღრმისეულად გაანალიზება და ხმის მიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რაც 92 ხელმოწერით დავადასტურეთ

„მე სულ ვამბობდი, რომ 2024 წელს მოვა ახალი თაობა, რომელიც შეძლებს დაიცალოს იმ ნეგატიური მუხტისგან, რომელიც გააჩნიათ დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე მყოფ პარტიებს და დაპირისპირება გადავიდეს კონსტრუქციულ და პროფესიონალურ სპექტრში. ჩვენ 2020-თვის უნდა შევქმნათ ასეთი. ავიღოთ პასუხისმგებლობა. რეალობა გვაჩვენებს იმას, რომ დღეს საჭიროა დაფიქრება, სიღრმისეულად გაანალიზება სიტუაციის და ხმის მიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რაც 92 ხელმოწერით დავადასტურეთ“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს იხილავენ.

უმრავლესობის ლიდერმა იმ არგუმენტებზე გაამახვილა ყურადღება, რის გამოც საპარლამენტო უმრავლესობამ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს უნდა დაუჭიროს მხარი.

„კატეგორიულად და პრინციპული დაპირისპირების მიუხედავად გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, გინდა საგარეო ურთიერთობას ეხებოდეს და გინდა საშინაოს, უნდა შევძლოთ და შევასრულოთ მთავარი შეკვეთა. კეთილი ინებეთ და ყველამ, კოალიციური მთავრობის არსებობის შემთხვევაში ყველამ აიღეთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა სახელმწიფოში სტაბილურობაზე. აქ საკითხი დგას რამდენად რეალურია ამის განხორციელება. მე ვფიქრობ რეალურია, თუ ჩვენ გადავდებთ გარკვეულ თემებს და დავფიქრდებით რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ უფრო რეალურია, ჩვენ ის რესურსი გამოვიყენოთ, გავაძლიეროთ, ვიმუშაოთ, იმიტომ, რომ საზოგადოება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სოციალურ-ეკონომიკურ და უსაფრთხოების მდგომარეობას, მათ შორის საგარეო ურთიერთობების საკითხებს, რომელიც ქვეყანას გააჩნია.

მე ვამბობ, რომ პროპორციული სისტემით ამას უფრო ვუპასუხებთ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ის უპირატესობა, რომელიც დღეს გაგვაჩნია გადათარგმნილი იქნება არა ხმამაღალ სიტყვებში და განცხადებებში და რიტორიკაში, არამედ კონკრეტულ საქმეში. და ძალიან ბევრი სასიკეთო საქმეები დაწყებული, კეთდება და კიდევ მეტი გაკეთდება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ტეგები