მარიამ ჯაში: კომიტეტი ითხოვს კულტურის ბიუჯეტის სულ მცირე 15 მილიონი ლარით ზრდას
ამობეჭდვა · 13 / 11 / 2019 21:34
მარიამ ჯაში: კომიტეტი ითხოვს კულტურის ბიუჯეტის სულ მცირე 15 მილიონი ლარით ზრდას

„ინვესტიცია კულტურაში არის არა მხოლოდ საზოგადოებრივი თვალსაზრისით გამართლებული, არამედ, უაღრესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვისაც - კულტურა მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ქვაკუთხედია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

მარიამ ჯაშმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე ისაუბრა და იმ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, სადაც, მისი თქმით, ბიუჯეტის ზრდა არის საჭირო.

„მისასალმებელია 2020 წლის ბიუჯეტში, განათლების მიმართულებით გათვალისწინებული, მნიშვნელოვნად გაზრდილი ინვესტიციები, თუმცა, კომიტეტის სახელით, გვინდა, მთავარი აქცენტი გავაკეთოთ კულტურის სფეროს დაფინანსებაზე. გვქონდა სამუშაო შეხვედრები ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, მინისტრის მოადგილესთან და სულ მცირე, 15 მლნ ლარით ზრდა არის ის მინიმალური მოთხოვნა კომიტეტის სახელით, რომელიც ჩვენ დაგვჭირდება კულტურის სფეროს თანამშრომლებისთვის ღირსეული შრომითი ანაზღაურების შესაქმნელად. აღნიშნული რესურსი მოგვცემს საშუალებას, ქვეყნის მასშტაბით გაიზარდოს მცირედით როგორც სახელმწიფო თეატრების, ასევე, სახელმწიფო ორკესტრების და მუზეუმების თანამშრომელთა ანაზღაურება“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს აფხაზეთის მთავრობასთან და გასულ წელს, ოთხი კულტურული დაწესებულების ბიუჯეტი გაიზარდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია რომ აფხაზეთის მთავრობისთვის გამოყოფილი ასიგნებების მოცულობა მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული 2020 წლის ბიუჯეტშიც.

„რამდენიმე დღის წინ განვიხილეთ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონში, განათლების გამოწვევები, განსაკუთრებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებრივი შეზღუდვა და ის მხარდაჭერა, რომელიც ჭირდებათ პედაგოგებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ასევე, თეატრალური ქალაქის პროექტი. უაღრესად მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, სამუშაო ფორმატში უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რეალურად დავადგინოთ, ეკონომიკურად რამდენად გამართლებულია ეს ინიციატივა“,- განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.