„ფილმზე ატირებული ამერიკელები პირველად ვნახე“ – „შინდისმა“ ამერიკელი კინემატოგრაფისტები აატირა
ამობეჭდვა · 14 / 11 / 2019 11:37
„ფილმზე ატირებული ამერიკელები პირველად ვნახე“ – „შინდისმა“ ამერიკელი კინემატოგრაფისტები აატირა

ფილმ „შინდისის“ შემოქმედებითი ჯგუფი  ამჟამად ლოს-ანჯელესში წინასაოსკარე ფრომოუშენით არის დაკავებული. ფილმის სეანსები მიმდინარეობს და მას ამერიკის კინოაკადემიის გილდიის წევრებთან ერთად ამერიკელი კინემატოგრაფისტები ნახულობენ.  სულ 14 სეანსია დაგეგმილი.

ფილმის პროდიუსერი და იდეის ავტორი ედმონდ მინაშვილი ლოს-ანჯელესიდან „პრაიმტაიმს“ ემოციებს უზიარებს. ედმონდის თქმით, „შინდისი“ ამერიკელ კინემატოგრაფისტებს მოსწონთ. 

ედმონდ მინაშვილი: – ფილმზე ატირებული ამერიკელები პირველად ვნახე და ეს მოხდა „შინდისზე“. ერთ-ერთი ჩვენების შემდეგ ჩემთან მოვიდა ამერიკელი გოგონა და ჩამეხუტა – ცრემლებს ვერ იკავებდა. დედას გეფიცებით, იცით, როგორ გამიკვირდა? მადლობები მიხადა. ეს გოგო აღმოჩნდა პროდიუსერი, სარა მეისონი. მერე გაიგო, რომ დოკუმენტური ფილმები მქონდა ამ თემაზე გადაღებული და მთხოვა: გადმომიგზავნე, დოკუმენტალისტი ვარ, მინდა ეს ფილმები ვნახო და მათ საინტერესო გზა მივცეო. გავცვალეთ კონტაქტები და როგორც კი საქართველოში დავბრუნდები, მას ამ ორ ფილმს გადავუგზავნი. 

მოკლედ, ვინც „შინდისი“ ნახა, გვგულშემატკივრობენ და ყველა გასაოცრად დიდი ემოციის ქვეშ არის.

„მიდით, ძმებო. რაც „მანდარინებს“ დაგვაკლდა, თქვენ მიიყვანეთ ბოლომდე, „ოსკარამდე“, დიდი სიყვარულით გიო“ – წერს „ფეისბუზე“ მსახიობი გიორგი ნაკაშიძე, ფილმ „მანდარინების“ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი.  

ამერიკაში გამგზავრებამდე „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო ა კლასის კინოფესტივალზე ორი პრიზის მფლობელი გახდა – გრან პრის და პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის.  

 

 

იხილეთ ვრცლად