ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა ყველაფერი არამყარია - ილია მეორე
ამობეჭდვა · 17 / 11 / 2019 14:30
ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა ყველაფერი არამყარია - ილია მეორე

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, ისეთ დროს, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია, ერთ დღეს შეიძლება, შეიცვალოს ყველაფერი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. ამის შესახებ 1tv წერს.

„დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი. ჩვენ ყოველდღე ვკითხულობთ დავითის ფსალმუნებს და იქ წერია ეს სიტყვები. დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი. ყოველმა ადამიანმა უნდა შეიგნოს, რომ ბედნიერება ენიჭება ადამიანს ღვთისაგან. ბენდნიერება არის ღვთის ლოცვა-კურთხევა. ადამიანი ღირსი უნდა იყოს ბედნიერებისა. ლოცვაში, მამაო ჩვენოს რომ ვკითხულობთ, იქ არის სიტყვები – პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს. გიფიქრიათ, რატომ ამბობს უფალი მომეც ჩვენ დღეს. ამბობს იმიტომ, რომ ადამიანის აწმყო, მომავალი და წარსული, ყველაფერი ღვთის ხელშია. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, ისეთ დროს, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია. ერთ დღეს შეიძლება, შეიცვალოს ყველაფერი“, – აღნიშნა ილია მეორემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ნაპოლეონის სიტყვები გაიხსენა, რომელიც ამბობდა: „დიადიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯია“.

„ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ, რომ ერთი ნაბიჯია დიდსა და მცირეს შორის. ჩვენ უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილები სახარების ნიადაგზე. უნდა ვასწავლოთ მოწყალება. წყალობა ღვთისა მეტად რთული მოსაპოვარია, წყალობა ღვთისა უნდა დაიმსახუროს ადამიანმა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი წყალობისათვის. დიდება უფალს და მადლობა უფალს. რთული დროა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მადლობელი ღვთის დიდი წყალობისა, ღვთის წყალობა გფარვიდეთ თქვენ, ღვთის წყალობამ დაიცვას და დაიფაროს საქართველო“, – აღნიშნა ილია მეორემ.

პატრიარქმა ერთმანეთის დახმარებისა და თანადგომის საჭიროებაზე ისაუბრა.

„ერთმანეთს დავეხმაროთ, ერთმანეთს უშველეთ, ნუ დაუმძიმებთ ცხოვრებას, ისედაც მძიმეა ცხოვრება. პავლე მოციქული ამბობს: „ერთმენთის სიმძიმე იტვირთეთ“. წყალობა ღვთისა იყოს თქვენთან. ჩვენთან არის ღმერთი.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. წყალობა ღვთისა სუფევდეს თქვენთან. დალოცვილი იყავით. მშვიდობა, სიხარული და გამარჯვება მოგცეთ ზეციერმა უფალმა“, – განაცხადა ილია მეორემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე 15 წელი სრულდება, რაც წმინდა სამების საკათედრო ტაძარი გაიხსნა. მისივე თქმით, მომავალ შაბათს წირვა-ლოცვა სწორედ სამების საკათედრო ტაძარში შესრულდება.

პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ გიორგობის დღესასწაულზე სამების ტაძარში ბავშვთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება.