როგორც ჩანს, სუს-ში დღესაც ისინი ითვლიან აქციის მონაწილეებს, ვინც ჩვენ დროსაც - დავით ბაქრაძე
ამობეჭდვა · 17 / 11 / 2019 23:10
როგორც ჩანს, სუს-ში დღესაც ისინი ითვლიან აქციის მონაწილეებს, ვინც ჩვენ დროსაც - დავით ბაქრაძე

ძალიან სასაცილოა, როგორც ჩანს, დღესაც იგივე ადამიანები ითვლიან სუს-ში საპროტესტოდ გამოსული ხალხის რაოდენობას, ვინც ჩვენ დროს ითვლიდა და მაშინაც ასე ამბობდა, როცა რუსთაველი გადაჭედილი იყო, 5000 და მაქსიმუმ 6000 ადამიანი ესწრებოდაო, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე შსს-ს მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, დღეს პარლამენტთან აქციას დაახლოებით 5500 ადამიანი ესწრებოდა.

„სინამდვილეში, სასაცილო არ არის, ტრაგიკულია, რომ დღეს ამ რეალობაში ვცხოვრობთ. ეს არის გაგრძელება იმ ხაზის, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, რომ ქვეყანაში ვითომ არაფერი ხდება, ვითომ ყველაფერი არის მშვიდად, ვითომ მსჯელობენ ბიუჯეტზე, შუქებს აქრობენ ოფისში, ვითომ არ არიან, ანუ – პოზა სირაქლემის, რომ ქვეყანაში არაფერი არ მომხდარა. მეგობრებო, ასე არ გამოვა – ქვეყანა არის ძალიან მძიმე კრიზისში, ამ ძალიან მძიმე კრიზისში ქვეყანა შეიყვანეთ თქვენ ბიძინა ივანიშვილის ტყუილით, ამ კრიზისიდან ქვეყანას გამოყვანა სჭირდება“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაახლოებით 5 500 მოქალაქე იყო. როგორც ვაჟა სირაძემ აღნიშნა, შსს-მ უზრუნველყო 17 ნოემბერს რუსთაველზე აქციის ჩატარება.