„კონსტიტუციის 42-ე მუხლი" მზად არის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ევროსასამართლოს მიმართოს
ამობეჭდვა · 18 / 11 / 2019 16:48
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი" მზად არის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ევროსასამართლოს მიმართოს

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მიზანშეწონილად მიიჩნევს, დაუყოვნებლივ მიმართოს ევროსასამართლოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ევროსასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ განმარტებით, აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს შემჭიდროებულ ვადებში სახელმწიფოსათვის ვალდებულების დაკისრებას, რათა თავიდან იქნას აცილებული გამოუსწორებელი შედეგები:


„მით უმეტეს, არსებობს უკვე დადასტურებული ფაქტები, როდესაც საოკუპაციო ძალებთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისათვის წინააღმდეგობის გაწევა საქართველოს მოქალაქეებისათვის ტრაგიკულად დასრულდა.
ევროკონვენციით და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოს პრეცედენტული სამართლით არაერთხელ განიმარტა, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ სახელმწიფოს, რომელიც კონკრეტულ ტერიტორიაზე ახორციელებს ეფექტურ კონტროლს. ამდენად, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უფლებების დარღვევაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს.


ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 15 ნოემბერს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.