ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა - დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტი
ამობეჭდვა · 19 / 11 / 2019 13:59
ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა - დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტი

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა, როგორც სამხედრო ექიმი.

საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიდამოებში დააკავეს.

„არსებული მონაცემებით, ის საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანია, რომელიც როგორც სამხედრო ექიმი, აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში“, – ნათქვამია ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის პრესსამსახურის განცხადებაში.

საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, 9 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილი ჩავიდა სოფელ საკორინთლოში, რის შემდეგაც, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გადავიდა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტში აცხადებენ, რომ ე.წ. საზღვრის „უკანონო გადაკვეთის“ გახშირებული შემთხვევები სოფელ წნელისთან საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიციის პოსტის დადგმას უკავშირდება და „ერთი ჰიბრიდული ოპერაციის ელემენტებს“ წარმოადგენს.

„აღნიშნული მიზეზით ვ. გაფრინდაშვილისა დ ამისი კურატორების პროვოკაციულ ქმედებებზე სამხრეთ ოსეთის პასუხი იქნება მხოლოდ სამართლებრივი და მიმართული იქნება დაძაბულობის რეციდივისა და ესკალაციის დაუშვებლობისკენ, ასევე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.