უკვე დადგა ქვეყანაში იმის დრო, რომ დავიწყოთ შინაარსობრივი მსჯელობა, ვისაუბროთ სარჩევნო პროცესზე და არა გადაგდება არ გადაგდებაზე - მიხეილ ყაველაშვილი
ამობეჭდვა · 20 / 11 / 2019 15:38
უკვე დადგა ქვეყანაში იმის დრო, რომ დავიწყოთ შინაარსობრივი მსჯელობა, ვისაუბროთ სარჩევნო პროცესზე და არა გადაგდება არ გადაგდებაზე - მიხეილ ყაველაშვილი

„მე ვარ ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსი და ვიმყოფები პარლამენტში. თუ მე დავინახე რაიმე საშიშროება ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერ წუთს და დავინახე უფრო მეტი რისკი, ვიდრე ეს შესაძლებელია რაღაც გადაწყვეტილების უკან, მე ვალდებული ვარ, შინაგანად გულწრფელი ვარ ჩემი თავის წინაშე, საზოგადოების წინაშე, სახელმწიფოს და სამშობლოს წინაშე, ეს ხმამაღლა განვაცხადო. ამიტომ, როცა დავინახე რისკები და რისკებზე პასუხის გაცემა ყველას გაუჭირდა, ამაზე დისკუსია გვქონდა გუნდის შიგნითაც -  ნებისმიერ ჩემს დანაპირებს გადავთქვამ თუ რაიმე სახით ვხედავ, რომ ჩემს ქვეყანას, ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებას, სტაბილურობას საფრთხე ემუქრება“, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში დადგა დრო, რომ დაიწყოს შინაარსობრივი მსჯელობა და მოქალაქეებზე ზრუნვა.

„უკვე დადგა ქვეყანაში იმის დრო, რომ დავიწყოთ შინაარსობრივი მსჯელობა და ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა არა იმ თვალსაზრისით, რომ რაიმე მოვახვიოთ თავზე არამედ, ვკითხოთ მოქალაქეებს, რა ურჩევნიათ და რა უნდათ მათ. უკვე არის იმის დრო, რომ გადაგდება არ გადაგდებაზე კი არა, თვითონ სარჩევნო პროცესზე ვისაუბროთ. როდესაც ასე აწვდით საზოგადოებას აზრს, თითქოს მაჟორიტარული სისტემა არის ჩამორჩენა და მხოლოდ რუსულ ნარატივს მიაბამთ, აი ეს არის ტყუილი და ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა. პირდაპირი მაჟორიტარული წესით ირჩევა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში. რატომ ასე არ აწვდით აზრს ჩვენს მოქალაქეებს? ამიტომ ეს მიზანმიმართული  არის იმ ერთი ძალის „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ და თქვენც ამ ძალის გარშემო ტრიალებთ. ეს არის სიმართლე“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. 

მისი თქმით, როდესაც საუბარი არის დაპირებაზე და აქცენტები კეთდება ერთი კონკრეტული ძალის ნარატივზე, რომელიც არა მარტო ამ თემასთან დაკავშირებით არამედ, მთლიანად პროცესს ვერა და ვერ მოერია.

„ვერც მედია და ვერც საზოგადოების გარკვეული ნაწილი ვერ მოერია იმას, რომ ერთი ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ შემოაგდებს რაღაც ნარატივს და ამაზე ხდება აპელირება. მსჯელობა შინაარსზე კი არ მიდის არამედ, მიდის ფორმაზე - თუ როგორ გადააგდო უმრავლესობამ ნაციონალური მოძრაობა ან პარტიები, რომლებიც მიმართულები იყვნენ, რომ საარჩევნო სისტემა შეცვლილიყო. მეც და თქვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ. ჩემთვის პირველი პასუხისმგებლობა არის ამ ქვეყნის წინაშე და ამ ქვეყნის სტაბილურობაზე და უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.