ინტენსიური თოვის გამო, გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
ამობეჭდვა · 21 / 11 / 2019 22:06
ინტენსიური თოვის გამო, გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე,
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია, სხვა სახის ავტოტრანსპორტის კი მოძრაობა ნებადართულია.

მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზეც. მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება ერთი წამყვანი ხიდის მქონე ავტომანქანებისთვის დაშვებულია მხოლოდ ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ზამთრის საბურავებით. მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი აკრძალულია.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ავტოტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას არეგულირებენ და მძღოლებს გზაზე არსებული მდგომარეობის შესახებ ადგილზე აწვდიან ინფორმაციას.

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები.