პაციენტები მთელი მსოფლიოდან ბაქტერიოფაგებით სამკურნალოდ საქართველოში მიდიან - „დოიჩე ველე“
ამობეჭდვა · 22 / 11 / 2019 16:42
პაციენტები მთელი მსოფლიოდან ბაქტერიოფაგებით სამკურნალოდ საქართველოში მიდიან - „დოიჩე ველე“

პაციენტები მთელი მსოფლიოდან ბაქტერიოფაგებით სამკურნალოდ საქართველოში მიდიან, – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს, რომელმაც ბაქტერიოფაგების სარგებლიანობაზე სტატია გამოაქვეყნა.

„დოიჩე ველე“ სტატიაში ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულობაზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ ამას ებრძვიან ბაქტერიის მშთანთქმელები საქართველოდან.

„რა უნდა ვქნათ მაშინ, როდესაც ანტიბიოტიკები ეფექტური ვეღარ იქნება? ბაქტერიის მშთანთქმელები საქართველოდან ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულობას ებრძვიან. პაციენტები მთელი მსოფლიოდან საქართველოში მიდიან ბაქტერიოფაგებით სამკურნალოდ“, – აღნიშნულია სტატიაში.

ამასთან, სტატიაში განმარტებულია, რომ ბაქტერიოფაგები არის ვირუსები, რომლებიც მათი „მასპინძელი“ ბაქტერიის გამრავლებას ებრძვიან. ბაქტერიოფაგებით თერაპია ფაგების ორალურად მიღებას გულისხმობს, რის შემდეგაც ისინი პაციენტის ორგანიზმში გადარჩენისთვის „კოლეგა“ ბაქტერიებს ემაგრებიან. ფაგები ბაქტერიული უჯრედის პოლარობას ცვლიან, შედეგად ახალ-ახალი ფაგები წარმოიქმნება და მათი გამოთავისუფლება ხდება. გამოთავისუფლებული ფაგები კი, სხვა ბაქტერიებს ემაგრებიან და ასე გრძელდება, ვიდრე ყველა ბაქტერია არ განადგურდება. ამ ეტაპზე, ბაქტერიოფაგებით მკურნალობა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ნებადართული არ არის.

„დოიჩე ველე“ ნიდერლანდებში მცხოვრებ ტანია დიდერენს ესაუბრა, რომელმაც ბაქტერიოფაგების მკურნალობის კურსი საქართველოში ჩაიტარა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ტანია დიდერენს 30 წელია, კანის ქრონიკული დაავადება – ინვერსიული აკნე აქვს. 2019 წლის ზაფხულში მან რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო და ანტიბიოტიკებით მკურნალობა შეწყვიტა, რომელიც სულ უფრო ნაკლებად ეფექტიანი იყო. ის საქართველოში გაემგზავრა, სადაც ბაქტერიოფაგებით მკურნალობის ორკვირიანი კურსი ჩაიტარა. პაციენტი იხსენებს, რომ ბაქტერიოფაგების შესახებ ინფორმაცია სატელევიზიო პროგრამიდან შეიტყო, რის შემდეგაც ინტერნეტში მკურნალობის მეთოდის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიება გადაწყვიტა. ასე აღმოაჩინა ტანია დიდერენმა გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, რომელსაც დღეს მსოფლიოში ბაქტერიოფაგების ყველაზე დიდი კოლექცია აქვს.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ ორკვირიანი კურსის შემდეგ პაციენტი სამშობლოში ფაგებით დატვირთული დაბრუნდა. ტანია ამბობს, რომ ახლა თავს კარგად გრძნობს. ინვერსიული აკნე თავს ისევ ახსენებს, თუმცა ისეთი მწვავე ფორმით არა, როგორც მანამდე. ყოველ სამ თვეში კი, ბელგიაში მიემგზავრება საქართველოდან გაგზავნილი ბაქტერიოფაგების წამოსაღებად. ბელგია ერთადერთი დასავლეთევროპული ქვეყანაა, სადაც ფაგები ნებადართულია.

სტატიის თანახმად, ანტიბიოტიკების მსგავსად, ბაქტერიოფაგების გამოყენებამ შესაძლოა, მიგვიყვანოს ბაქტერიების რეზისტენტულობამდე. თუმცა, მათი დიდი უპირატესობა ის არის, რომ ერთი ნაბიჯით ყოველთვის უსწრებენ ბაქტერიებს და შეუძლიათ, დაძლიონ რეზისტენტულობა. ასევე, ისინი მუდამ მიმართულია კონკრეტული ტიპის ბაქტერიის წინააღმდეგ და სასარგებლო ბაქტერიებს ზიანს არ აყენებენ.

ამასთან, „დოიჩე ველე“ ხაზს უსვამს, რომ ფაგებით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია განისაზღვროს, რომელი ბაქტერია იწვევს დაავადებას. ხშირ შემთხვევაში, ფაგები პაციენტისთვის ინდივიდუალურად იწარმოება.

1tv.ge