გუგული მაღრაძე: გვინდა რომ ადამიანებმა ღირსეულ პირობებში იმუშაონ და ის საერთაშორისო სტანდარტები მოქმედებდეს ჩვენგან გასულ მუშა ხელზეც, რაც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაშია
ამობეჭდვა · 28 / 11 / 2019 18:54
გუგული მაღრაძე: გვინდა რომ ადამიანებმა ღირსეულ პირობებში იმუშაონ და ის საერთაშორისო სტანდარტები მოქმედებდეს ჩვენგან გასულ მუშა ხელზეც, რაც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაშია

სიმართლე გითხრათ, არც ვაპირებდი გამოსვლას, მაგრამ ქართველებს გვაქვს ერთი კარგი ანდაზა – კარგ მთქმელს, კარგი გამგონი უნდაო. ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს გუშინ, რომ მხოლოდ უცხოეთში დასაქმება იქნება მთავარი. გაგახსენებთ, მან თქვა, რომ ზოგი დასაქმდება გერმანიაში, ზოგი ქუთაისში. ეს იმას ნიშნავს, რომ თავის მხრივ ქვეყანა გადადგამს გარკვეულ ნაბიჯებს ბიზნესის გასავითარებლად, რომ აქაც მოხდეს დასაქმება, მაგრამ რაც შეეხება უცხოეთში დასაქმებას, რატომ ატყდა ეს ამბავი, ყველა ქვეყნიდან ხდება შრომითი მიგრაცია. პოლონელების საკმაო რაოდენობა მუშაობს გერმანიაში მაგალითად, ნამდვილად ვიცი, ახლახან გახლდით და გავეცანი როგორ ხდება და რა ხდება. ლაპარაკია იმაზე, რომ ნაცვლად არალეგალურად წასვლისა და უღირს პირობებში ყოფნისა, სახელმწიფოთაშორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ადამიანები, რომლებიც პროფესიონალურ ცოდნას მიიღებენ აქ, ისწავლიან ენას, წავლენ და იმუშავებენ, როგორც ღირსეული წევრები იმ საზოგადოებაში, სადაც ჩავლენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, დაბრუნდებიან და ეს იქნება ფაქტიურად ღირსეული შესაძლებლობა დასაქმებისა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ მინისტრის საათის მიმდინარეობისას საქართველოს პარლამენტში განაცხადა.



დეპუტატმა ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანს მიმართა:

„ბატონო ვანო, ძალიან გთხოვთ აუდიტორიას მოვახსენოთ, რომ ყველა ქვეყანაში ხდება შრომითი მიგრაცია და აქ არაფერი არ არის ისეთი, რაც არ მომხდარა და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი მოსახლეობა გავიდეს, გვინდა რომ ღირსეულ პირობებში იმუშაონ და ის საერთაშორისო სტანდარტები მუშაობდეს ჩვენგან გასულ მუშა ხელზეც, რაც არსებობს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში “, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.