დავით სონღულაშვილი კარლ ჰარცელს შეხვდა
ამობეჭდვა · 29 / 11 / 2019 16:23
დავით სონღულაშვილი კარლ ჰარცელს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ახლადდანიშნული თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილმა პირველი შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან გამართა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრისას, მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, კომიტეტში მიმდინარე ყველა პროექტი აუცილებლად გაგრძელდება.

„ალბათ სიმბოლურია, პირველი შეხვედრის გამართვა ევროკავშირის ელჩთან, რადგან რიგ საკითხებზე ჩვენ, ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მოგვიწევს შემდგომშიც.  ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, სადაც აღვნიშნეთ, რომ კომიტეტში მიმდინარე ყველა პროექტი აუცილებლად გაგრძელდება, მაქსიმალურად აქტიურად ვიქნებით ერთმანეთთან თანამშრომლობაში და რაც იქნება ინიციატივები ერთმანეთთან აუცილებლად აისახება კომიტეტის მუშაობაში“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

„ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ახალ თავმჯდომარესთან, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობისთვის არის საკვანძო კომიტეტი. შეხვედრის მიზანი იყო ჩვენი ერთობლივი პრიორიტეტის მიმოხილვა, სადაც ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობაზე. მე ძალიან კარგი თანამშრომლობა მაკავშირებდა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარესთან და იმედი მაქვს, რომ ასეთი თანამშრომლობა დამყარდება ახალ თავმჯდომარესთანაც“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.