მმართველი პარტია სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებას ცდილობს - გრიგოლ ვაშაძე
ამობეჭდვა · 01 / 12 / 2019 15:48
მმართველი პარტია სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებას ცდილობს - გრიგოლ ვაშაძე

ხელისუფლების უნიჭო სპექტაკლი, - ასე შეაფასა გრიგოლ ვაშაძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ ქუთაისში გამართულ აქცია.

მისი თქმით, ქალაქში ინგრევა შენობები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, ამ ფონზე კი მმართველი პარტია ცდილობს, სამოქალაქო დაპირისპირება გააღვივოს, თუმცა ოპოზიცია არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხებას კონსტრუქციულ რეჟიმში აპირებს.

,,ვერ მოგართვით“ - ხომ გახსოვთ ცნობილო გამოთქმა? ესაა ჩვენი პასუხი“, - განაცხადა ვაშაძემ ქუთაისში, გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, აქციებზე საჯარო მოხელეები მოჰყავთ.

ქუთაისში ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა აქცია ,,საქართველო ნაცების გარეშე“ გამართეს. პროტესტის მონაწილეებმა გაერთიანებული ოპოზიციის ოფისს კვერცხები და საღებავები ესროლეს. აქცია მოგვიანებით იმ მოტივით დაიშალა, რომ პოლიციას სცემენ პატივს და აქტივისტები ანალოგიურ პროტესტს ისევ მიმართავენ. პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ.