ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურად ვუფრთხილდებოდით ქვეყნის ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
ამობეჭდვა · 02 / 12 / 2019 11:30
ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურად ვუფრთხილდებოდით ქვეყნის ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივით გამართული ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრაზე ოპოციზიამ დააყენა საკითხი, რომ  მმართველმა გუნდმა შესთავაზოს მათ რაიმე წინადადება ამ ჩიხიდან გამოსასვლელად. ამასთან დაკავშირებით „კვირის თემაში“ სტუმრობისას „ქართული ოცნების“  აღმასრულებელმა მდივანმა ისაუბრა. მისი თქმით, ჩიხში არის ნაციონალური მოძრაობა, და მისი გამოყვანა „ქართული ოცნების“ ინტერესი არ არის.

„რა თქმა უნდა ეს სურათი რაც არის დღეს ჩამოყალიბებული, თუნდაც იმ 200 ნაციონალის პროტესტი და სხვა, ჩვენ ეს არ მოგვწონს. ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურად ვუფრთხილდებოდით ქვეყნის ინტერესებს და ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ასეთი ორასკაციანი აქციებიც არ ყოფილიყო თბილისში. გახსოვთ რა მოხდა ივნისის ბოლოს, იყო მოცემულობა, როდესაც ოპოზიცია იჭრებოდა პარლამენტის შენობაში, აშკარად ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა იყო სახეზე. ამაზე ხელისუფლები რეაგირება იყო, რომ გამოვედით და პროპორციული სისტემა შევთავაზეთ მათ. ეს არის მიდგომა, ეს არის კავკასიური ცარცის წრის სცენა როდესაც ბავშვს იყოფენ ერთმანეთში დედა და თვითმარქვია დედა. ამ შემთხვევაში ქართული ოცნება დადგა სწორედ დედის როლში, როდესაც სცადა ყველაფერი გაეკეთებინა, რათა არ ტკენოდა ბავშვს, ქვეყანაზეა ამ შემთხვევაში საუბარი, ეს გახდა იმის მიზეზი რატომაც გამოვიდა პარტიის თავმჯდომარე პროპორციული სისტემის ინიციატივით, ამაზე პასუხი ის იყო, რომ სამი თვე დარჩნენ ქუჩაში ოპოზიციის წარმომადგენლები და ხელს ტკენდნენ  ბავშვს. ეს არის მათი სახე, ამით გამოჩნდა, რომ მათ არ უყვართ ქვეყანა, რაც ჩვენგან რადიკალურად განსხვავდება“.

ჟურნალისტის შეკითხვაზე  „ქართული ოცნების“ მხრიდან პირობის არშესრულებაზე  მან განაცხადა, რომ  პირველ რიგში ეს  მძიმე და მტკივნეული იყო  „ქართული ოცნებისთვის“, იმიტომ რომ ეს იყო  საჯაროდ გაკეთებული განცხადება, რომელიც ვერ შესრულდა.

„თუმცა რაც შეეხება იმ ვითარების შეფასებას, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული, ეს არის ქარიშხალი ჭიქაში. რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამ არჩევნებისთვის, რომელიც ჩატარდება აუცილებლად სამართლიან, დემოკრატიულ, თავისუფალ პირობებში და ეს არის ერთ-ერთი მიღწევა „ქართული ოცნების“, ყველანაირი რესურსი არსებობს იმისათვის, რომ არჩევნებს ჩვენ შევხვდეთ ნორმალურ ვითარებაში, ყოველგვარი დესტრუქციის გარეშე“.

მიმდინარე აქციებთან, კერძოდ ქუთაისის საკითხთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ  ყველას მოუწოდა სიმშვიდისკენ.

„რაც შეეხება ჩვენს რესურსს, ჩვენ უბრალოდ რბილად ვმოქმედებთ ამ შემთხვევაში. აქაც „კავკასიური ცარცის წრის“ ამბავია, რბილად ვმოქმედებთ, გვინდა, რომ მინიმალურ დონეზეც არ მოხდეს ვითარების გამწვავება. საერთოდ გამოვრიცხავ რაიმე ტიპის მძიმე ძალადობას, ჩვენი რესურსი მდგომარეობს იმაში, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარს უმაგრებს ხალხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.