თბილისის ზოგიერთ მაღაზიაში ჯანმრთელობისთვის საშიში სამკაული იყიდება - ახალი კვლევის შედეგები
ამობეჭდვა · 04 / 12 / 2019 10:16
თბილისის ზოგიერთ მაღაზიაში ჯანმრთელობისთვის საშიში სამკაული იყიდება - ახალი კვლევის შედეგები

თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 29 დასახელების სამკაულიდან 12 ნიმუში ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდა.

ამის შესახებ ინფორმაციას “სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (momxmarebeli.ge) ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, სამკაული კადმიუმისა და ტყვიის შემცველობაზე შესამოწმებლად აშშ-ის ლაბორატორიაში - MSR Laboratories გაიგზავნა. კვლევის შედეგად კი, 12 ნიმუში ჯანმრთელობისათვის საშიში აღმოჩნდა.

მათივე ცნობით, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმის მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის შემთხვევითი შერჩევით შეისყიდეს. საქართველოში ბიჟუტერიასთან დაკავშირებით უსაფრთხოების მოთხოვნები არ არსებობს. ამიტომაც ნიმუშები ევროკავშირში მოქმედი ნორმების მიხედვით შემოწმდა.

„კვლევის შედეგად, 12 ნიმუში არ შეესაბამება ევროკავშირში არსებულ მოთხოვნებს. ზოგიერთ მათგანში კადმიუმის ან ტყვიის შემცველობა რამდენიმე ათეულჯერ, ან ასეულჯერ აჭარბებს დაშვებულ ნორმებს, ხოლო ზოგიერთში იმდენად მაღალია, რომ ლაბორატორიის მოწყობილობამ ოდენობის ზუსტი გაზომვა ვერც კი შეძლო (ასეთი შედეგები ლაბორატორიის ოქმებში აღნიშნულია სიტყვით -Saturated).

ჩვენ სისტემატურად ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ საქართველოში სამომხმარებლო პროდუქციის უმეტეს ნაწილზე უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი მრავალი წელია არ მოქმედებს. ამგვარად, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაუცველია. მოცემული კვლევა კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია ხელისუფლებამ რაც შეიძლება სწრაფად გადადგას ქმედითი ნაბიჯები.

კადმიუმი და ტყვია ორგანიზმში სხვადასხვა გზით შეიძლება მოხვდეს, მათ შორის, პროდუქციის მოხმარების დროს. ეს ლითონები გროვდება სხეულში და სხვადასხვა ორგანოების დაზიანებას იწვევს. კადმიუმი ხელს უწყობს სიმსივნის წარმოშობას, ფილტვების, თირკმელებისა და ძვლების დაზიანებას. ტყვია აზიანებს ტვინს, თირკმელებს, ღვიძლს, გულ-სისხლძარღვთა და რეპროდუქციულ სისტემას,“-აღნიშნულია momxmarebeli.ge-ს კვლევაში.

bpn.ge