ისნის რაიონის გამგებელმა საქმიანობის ორწლიანი ანგარიში წარადგინა
ამობეჭდვა · 05 / 12 / 2019 13:32
ისნის რაიონის გამგებელმა საქმიანობის ორწლიანი ანგარიში წარადგინა

ისნის რაიონის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ რაიონის მცხოვრებლებს გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის პრეზენტაციას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, რომელმაც ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. 

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, 2020 წელს დედაქალაქს გაზრდილი ბიუჯეტი ექნება, რომლის საშუალებითაც, ქალაქის ყველა რაიონში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება. 

„ქალაქში ძალიან ბევრი პრობლემაა, არსებობს სერიოზული გამოწვევები, თუმცა ჩვენ მათ არ ვუშინდებით. დარწმუნებული ვარ, ყველა გამოწვევას და პრობლემას ღირსეულად გადავლახავთ. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ოთხი წლის თავზე -  როდესაც ჩვენი უფლებამოსილება ამოიწურება, ჩვენი ქალაქის ყველა რაიონი განსხვავებული იყოს. ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები თბილისელებისთვის თვალშისაცემი  იქნება. 2020 წლისთვის საინტერესო პროექტები გვაქვს დაგეგმილი. ბიუჯეტიც განსხვავებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა მოგვეცემა. რაც შეეხება თავად მუნიციპალიტეტს, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ყველა რაიონში სხვადასხვა ტიპის პროექტს ახორციელებენ. პირადად მე და ჩემი თანაგუნდელები პირობას გაძლევთ, ყოველთვის ვიქნებით ხალხის სამსახურში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს გაცილებით ლამაზი, კეთილმოწყობილი, გამართული ინფრასტრუქტურით, გამწვანებული, ახალი სკვერებითა და პარკებით, ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, განახლებული მეტროთი და ყველა იმ პრობლემის მოგვარებით, რაც ყველას, თითოეულ თბილისელს გვაწუხებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ისნის რაიონის გამგებელს განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. 

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, რადგან თქვენი მხარდაჭერა, თანადგომა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს დამატებითი სტიმულია პირადად ჩემთვის, ჩემი თანამშრომლებისა და თანაგუნდელებისთვის. ჩვენი ქვეყანა, დედაქალაქი აუცილებლად განვითარდება და წინ წავა. მინდა, რაიონის გამგებელს, კახა ლაბუჩიძეს წარმატებები ვუსურვო. პირობას გაძლევთ,  ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პრობლემები, რომელიც რაიონს აწუხებს, ძალიან მალე მოგვარდეს და გამოსწორდეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 

ისნის რაიონის გამგებელმა ადგილობრივ მოსახლეობას, სამთავრობო და კერძო სექტორს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო დამსწრე საზოგადოებას ორი წლის განმავლობაში განხორციელებული ძირითადი პროექტები გააცნო.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში, ქალაქში სხვადასხვა საინტერესო პროექტი განხორციელდა. უკვე აღინიშნა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გვეძლევა საშუალება, რაიონში უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ. გაზრდილი ბიუჯეტით მეტ პრობლემას გადავჭრით და აღნიშნულ თანხებს რაიონის მოსახლეობის საჭიროებებს მოვახმართ“, - აღნიშნა კახა ლაბუჩიძემ. 

გამგებლის განცხადებით, 2018-2019 წლებში ისნის რაიონში - ავლაბარში, ნავთლუღსა და ვაზისუბანში ინფრასტრუქტურული მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. კერძოდ, საგზაო სამუშაოები 187 მისამართზე შესრულდა. მათ შორის, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 45 ქუჩას, ხოლო 24 მისამართზე ასფალტის საფარი პირველად დაიგო; მოეწყო და რეაბილიტირდა 21 ახალი სკვერი; ჩატარდა გამწვანების სამუშაოები; მოეწყო სხვადასხვა დასასვენებელი და საბავშვო გასართობი სივრცე, რომლებიც შშმ პირთათვის ადაპტირდა. 

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ისნის რაიონის ტერიტორიაზე მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 22 სპორტული მოედანი და 20 ფიტნეს ზონა. ასევე, შვიდი მისამართიდან რაიონის მოსახლეობა მერის ინიციატივას გამოეხმაურა. მათი თხოვნით, გამგეობამ 104 ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა, მათ ნაცვლად კი სკვერები და სპორტული მოედნები მოაწყო.    

გარდა ამისა, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში,  ორი წლის განმავლობაში, 274 პროექტი განახორციელა. მათ შორის, კაპიტალურად გამაგრდა ექვსი ავარიული საცხოვრებელი სახლი, 89 მისამართზე სახლის სახურავი შეიცვალა, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია 70 მისამართზე ჩატარდა, რეაბილიტირდა და განახლდა 19 ლიფტი; მოსახლეობის ჩართულობით, სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა; საცხოვრებელი ფართები და მიწის ნაკვეთები 136 ოჯახს დაუკანონდა. 

ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში, 32 945 150 ლარი დაიხარჯა. 

ისნის რაიონის გამგებლის საქმიანობის ორწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მთავრობის წევრები, საკრებულოს წარმომადგენლები და ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ.