„ვფიქრობ პროპორციული სისტემა არის არამდგრადი პოლიტიკური სისტემისათვის ხელშემწყობი, მით უმეტეს ამ პოლიტიკურ ველზე“
ამობეჭდვა · 05 / 12 / 2019 21:08
„ვფიქრობ პროპორციული სისტემა არის არამდგრადი პოლიტიკური სისტემისათვის ხელშემწყობი, მით უმეტეს ამ პოლიტიკურ ველზე“

პარლამენტში დეპუტატთა ჯგუფმა დღეს ახალი ინიციატივა დაარეგისტრირა, რაც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. ამასთან დაკავშირებით „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა.

მან განმარტება გააკეთა პროცედურასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ პროცედურულად  კანონპროექტის დასარეგისტრირებლად განსაზღვრულია 10 ადამიანი. თუმცა, მისი თქმით, - „40 დეპუტატი პრიორიტეტს ანიჭებს მაჟორიტარულ სისტემას და ხიფათის შემცველად აღიქვამს პროპორციულ სისტემას. მე ვფიქრობ პროპორციული სისტემა არის არამდგრადი პოლიტიკური სისტემისათვის ხელშემწყობი, მით უმეტეს ამ პოლიტიკურ ველზე. არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, ჩვენ ვხედავთ ამ რისკებს და გარდა ამ რისკებისა ჩვენ ვცდილობთ, რომ ხალხი იყოს წყარო ხელისუფლების და ვცდილობთ უშუალოდ მოსახლეობამ აირჩიოს ის დეპუტატების ვისაც ჩათვლიან საჭიროდ, რომ ჩააბარონ ქვეყნის ბედი“.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეძლებს ის დაარწმუნოს საკუთარი თანაგუნდელები რომ შეცვალონ ეს გადაწყვეტილება, რომელსაც მათ რევოლუციური უწოდეს,  დეპუტატმა უპასუხა, რომ ხვალ უმრავლესობის ფორმატში იქნება საუბარი ამ თემაზე. მას მიაჩნია, რომ მხოლოდ თვითონ არ უნდა დაარწმუნოს კოლეგები, არამედ აქეთაც უნდა მოისმინონ არგუმენტები და მტკიცებულებები, ის რისკ-ფაქტორები, რომ ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილურობა  კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დადგეს. და ის რომ დაპირებაა გაცემული არ არის არგუმენტი. –„მე ვფიქრობ, ყველაზე მაღალი ფასი აქვს და უნდა ჰქონდეს ქვეყნის უსაფრთხოებას, საზოგადოების უსაფრთხოებას და თუ, თუნდაც გაცემული დაპირება შემდეგ რეალურად ხდება რისკის შემცველი, რა თქმა უნდა მგონია და ვიზიარებ იმ აზრს, რომ ჯობია ატარო რეპუტაციული ტვირთი, ვიდრე ქვეყანა დააყენო რისკის ქვეშ“. დიმიტრი ხუნდაძემ წლების განმავლობაში თავისივე გაკეთებული განცხადებები წარმოადგინა სადა ამბობდა, რომ „მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს დაუჭერდა იმ შემთხვევაში,  თუ მანამდე თვითმმართველობა  გაძლიერდებოდა.

„მე ჩემს კოლეგებთან ერთად 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დავუჭირე მხარი იმ პირობით, რომ თვითმმართველობა იქნებოდა ძლიერი, რაც დარჩენილ დროში უნდა მოგვეხერხებინა. მას შემდეგ, როდესაც გუნდმა გაგვაცნო ის მოსაზრება, რომ 2020 წელს უნდა გადმოგვეწია ეს ვადა, პირველი საფუძველი ჩემი კომპრომისის ფაქტიურად გაქრა.

გუნდის არგუმენტი იყო ის, რომ ქუჩა არის დაძაბული, აქედან გამომდინარე ლარის კურსი  რყევადი, ინვესტორები ამას შიშით უყურებენ და პოლიტიკური სტაბილურობა ითხოვს ამას. ამიტომ ჩვენ წავედით კომპრომისზე“ -განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​